UK-ს სახელმწიფო მინისტრი: კვლავ გვაშფოთებს დემოკრატიული უკუსვლა და პროტესტის პოლიციური კონტროლი
გაზიარება
გაზიარება
UK-ს სახელმწიფო მინისტრი
დიდი ბრიტანეთი კვლავ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით – ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის განვითარების სახელმწიფო მინისტრმა, ჯენიფერ ჩაპმანმა ორი კვირის წინ ლორთა პალატის წევრის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა კეთდებოდა საქართველოში კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
ბარონესა ჩაპმანის თქმით, 16 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი “ქართული ოცნების საგარეო მინისტრსა” და “ქართული ოცნების საგარეო მინისტრის პირველ მოადგილეს” შეხვდა და მათ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და საპროტესტო აქციების პოლიციური კონტროლის საკითხებზე ელაპარაკა.
ამასთან, ბარონესამ დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთოსა და ევროსაბჭოს ძალისხმევას, რათა დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის მიზნით საქართველოზე წნეხი გაიზარდოს.
ჯენიფერ ჩაპმანი: “ჩვენ ვრჩებით სერიოზულად შეშფოთებულები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებაზე შეზღუდვებითა და პოლიციის მხრიდან საპროტესტო აქციების კონტროლით. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა [სტივენ დაუთიმ] ეს საკითხები პირდაპირ ქართული ოცნების საგარეო მინისტრ ბოჭორიშვილთან წამოაყენა 16 ოქტომბერს და ქართული ოცნების საგარეო მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბაშვილთან 21 ოქტომბერს, და გაერთიანებული სამეფო ასევე მხარს უჭერს ეუთოსა და ევროსაბჭოს ძალისხმევას, წნეხი მოხდეს საქართველოზე, რათა პატივი სცეს დემოკრატიულ სტანდარტებს.”
– წერს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო განვითარების საკითხებში, ბარონესა ჩაპმანი ლორდი მიურეის კითხვის პასუხად, რომელმაც ბრიტანეთის მთავრობას ჰკითხა, თუ რა დისკუსიები გაიმართა ივანიშვილის რეჟიმთან “სიტყვის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და საპროტესტო აქციების პოლიციის მიერ კონტროლის კუთხით საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის, ვალდებულებების შესახებ.” – აღნიშნა ჯენიფერ ჩაპმანმა.