უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ჯგუფი, რომელიც უფასო სასადილოებიდან ფულს იპარავდა
გაზიარება
გაზიარება
უფასო სასადილოები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა სქემა, რომლის მიხედვით, გარკვეულ პირთა ჯგუფი უფასო სასადილოებიდან ფულს იპარავდა. გამოძიების თანახმად, მათ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი თაღლითურად მიითვისეს. საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი – ერთი კომპანიის დირექტორი, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი ხელმძღვანელი და ერთი თანამშრომელი.
გამოძიების ინფორმაციით, 2023-დან 2026 წლამდე პერიოდში შპს “Aladashvili & co“-სა და თბილისის ოთხი რაიონის – ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის – გამგეობებს შორის გაფორმდა 12 ხელშეკრულება. შეთანხმებები ეხებოდა მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურებას, რომლის ჯამური ღირებულება 26.5 მილიონ ლარს აღემატებოდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანიის დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხის მართვა გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს — “გიდს“, “ბადეს“ და “ალიონს“. სწორედ ამ ეტაპზე, უწყების ვერსიით, დაიწყო სისტემური დარღვევები: 2024-2026 წლებში ყოველდღიურად ათასობით ბენეფიციარი არასათანადოდ იღებდა მომსახურებას, რაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ სრულდებოდა.
სუს-ის ცნობით, კომპანიების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით შექმნეს ყალბი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ნაწილი უკანონოდ მიითვისეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მიღებული დაახლოებით 18.9 მილიონი ლარიდან 3.5 მილიონ ლარზე მეტი თაღლითურად იქნა დაუფლებული.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.