პაპუაშვილი: (ტროტუარზე შეკრების) კანონის გამკაცრება შეესაბამება როგორც კონსტიტუციურ, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას
ტროტუარზე შეკრების კანონი
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონის გამკაცრება შეესაბამება როგორც კონსტიტუციურ, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. მისივე განმარტებით, მსგავსი აქციების დროს შეტყობინების წესი აქამდეც მოქმედებდა და იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეფერხდეს არც მანქანების და არც ქვეითი მოქალაქეების გადაადგილება.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ გარკვეულ პროცედურულ ხრიკებს, რათა გაეწელათ ჯარიმის გადახდა. მისი თქმით, ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, თუმცა მოქალაქეებს ჯარიმების გარკვეულ რაოდენობაზე რეაქცია არ ჰქონდათ, ამიტომ საჭირო გახდა უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

შალვა პაპუაშვილი: “ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, შესაბამისად რაიმე, ასე ვთქვათ, წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს… ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება, რა თქმა უნდა, მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არ შექმნას.
შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის ან შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას რომ სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების და გზა არ უნდა იკეტებოდეს. ამაზე კარგია, რომ შეთანხმდა სრულიად საზოგადოება.
ვხედავთ, რომ, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც აქციებში არიან ჩართულები, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და ამ მხრივ არის სრული გაგება, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება.
მე მგონი არაფერი, სინამდვილეში, გაუგებარი და, ასე ვთქვათ, ადამიანურ სტანდარტს აცდენილი არ არის, სამართლებრივზე რომ არაფერი ვთქვათ… რატომ უნდა გადაკეტოს 50-მა ადამიანმა ქუჩა, შევთანხმდით, რომ არ უნდა გადაკეტოს. კარგია, რომ ბოლო-ბოლო მოექცნენ ჩარჩოში.
სამწუხაროდ, დასჭირდა ის, რომ ამ რადიკალური ჯგუფებისთვის უფრო მკაცრი სანქციები შემოსულიყო, რომ ბოლოს და ბოლოს კანონი, რომელიც მოქმედებდა წლები, ყოველთვის ასე იყო, არ შეიძლება, რომ 50-მა კაცმა გადაკეტოს გზა, მაგრამ არა, არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ გარკვეულ პროცედურულ ხრიკებს, რომ გაეწელათ ჯარიმის გადახდა და ა.შ. პარლამენტმა, შესაბამისად, უპასუხა ამ მცდელობებს, რომ ბოროტად გამოეყენებინათ პროცედურული საკითხები. შესაბამისად, ყველაფერი მოექცა იმ სამართლებრივ კალაპოტში, რომელიც ათწლეულებია ჩვენს ქვეყანაში შეთანხმებულია.
ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები… რა იდეაა, ზოგადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დროს ჯარიმა იქნება თუ სხვა სახის სანქცია. რა არის მისი იდეა? რომ მას უნდა ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, რომ ადამიანს არ უნდა უღირდეს დარღვევა, ვინაიდან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვხედავდით, რომ ჯარიმების გარკვეულ რაოდენობაზე რეაქცია არ ჰქონდათ, შესაბამისად, კანონის დაცვა შეფერხებული იყო. ამიტომ მივიღეთ თავის დროზე გადაწყვეტილება, რაც ავტომობილების სატრანსპორტო მოძრაობას შეეხებოდა და ვნახეთ, რომ ამან მოაწესრიგა მდგომარეობა.”