TI-ს კვლევა: ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების გასამართლებლად სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს
TI-ს კვლევა ღარიბაშვილის განცხადებებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასამართლებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით მანიპულაციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის შეფასებით:
● პრემიერი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტს თავიდანვე ანტიდასავლური რიტორიკით და მანიპულაციური განცხადებებით გამოეხმაურა.
● ღარიბაშვილის განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები.
● ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება
● ღარიბაშვილი ასევე ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირებს – კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან. 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი.”
● სიმართლე კი ასე გამოიყურება: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.
● აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის.
● თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად.
● 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად. რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში.
● რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს
● ღარიბაშვილი: კეთილი ინებონ მეგობრებმა და გაგებით მოეკიდონ – რუსეთთან ვაჭრობა ჩვენს ინტერესშია. კიდევ რა თქვა პრემიერმა
● ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
12 მაისს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, “მეგობრებმა კეთილი ინებონ” და ამას გაგებით მოეკიდონ, რადგან რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს ინტერესშია.
“მინდა, ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ეს უბედურება, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებდით დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებდით.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა EU-მ რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც:
“შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ჰქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ, იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ და ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თუ ხალხი არ ვართ, თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა და განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა.”
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.