თეთრიწყაროში მცხოვრებ 21 ადამიანს covid-19 დაუდასტურდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მაღალი რისკის გამო თეთრიწყარო ჩაიკეტა. ინფიცირებული 21 ადამიანიდან 19 თეთრიწყაროს საავადმყოფოს მედპერსონალის წარმომადგენელია. საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 149 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
აკრძალულია თეთრიწყაროში შესვლა და გამოსვლა. ადგილზე მოწყობილია 4 საკონტროლო გამშვები პუნქტი. გადაადგილებას ძალოვნები აკონტროლებენ.
“სამწუხაროდ, ბევრი დაინფიცირებული ჩვენი კოლეგაა. იმედია, რომ მოხერხდება პანდემიის დროული შეკავება. მოძიებული იყო და ჩატარდა გამოკვლევები თეთრიწყაროში და პრაქტიკულად, გამოკვლეულების ნახევარი დადებითი აღმოჩნდა,“ – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
“ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულობის შედეგია, რომ მედპერსონალი არაა დაცული: არ აქვთ სათანადო ეკიპირება, რეგულარული ტესტირება, არ უტარდებათ მუდმივი ტრენინგი. ამის გამო, მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ შეხება,” – აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.