თბილისის საქალაქო სასამართლომ კურიერი TikTok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო დააჯარიმა
გაზიარება
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვარტალური მიმოხილვა მოამზადა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, კურიერი ი.მ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
საიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
როგორც საია აღნიშნავს, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.
ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.
ორგანიზაციის განმარტებით, პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია.
კურიერი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ.
როგორც საიას ანგარიშში ვკითხულობთ, სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.
სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.
“სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი – სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.