სუს-ის გამოძიება ირანზე საჯარო განცხადებების გამო: დაკითხვებზე პოლიტიკოსები და ექსპერტები დაიბარეს
სუს-ის გამოძიება ირანზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოძიება დაიწყო ბოლო დღეებში საჯაროდ გავრცელებული განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნების, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაძლო გავლენასა და კადრების რეკრუტირებას ეხება.
გამოძიების ფარგლებში მაგისტრ მოსამართლესთან ერთად უკვე გამოიკითხნენ ან დაბარებული არიან რამდენიმე პოლიტიკოსი და ექსპერტი: გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი და ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე.
სუს-ის გამოძიება კიდევ რამდენიმე საჯარო განცხადებასაც უკავშირდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში სხვადასხვა პირის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ ადამიანების რეკრუტირების შესახებ, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებული მინიშნებებით.
ვახტანგ კაპანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიბარეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ კითხვებს უპასუხა, თუმცა საქმე მისი პოლიტიკური კუთვნილების საკითხსაც შეეხო.
“რაც მკითხეს, იმაზე ვუპასუხე. მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული ზოგადად არსებულ ვითარებაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ და არცერთი პარტიის წევრი არ ვარ,“ – თქვა კაპანაძემ.

კაპანაძის დაკითხვა სავარაუდოდ უკავშირდება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას. 5 მარტს ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსის“ ეთერში მან არ გამორიცხა სცენარი, რომლის მიხედვითაც ირანმა რეგიონში არსებული დაძაბულობის პირობებში შესაძლოა საქართველოზეც მიიტანოს დარტყმა.
კაპანაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში პოტენციურ სამიზნეებად შეიძლება განიხილებოდეს როგორც თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩო, ისე სტრატეგიული ინფრასტრუქტურა – მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. მისი შეფასებით, მილსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი სწორედ საქართველოში გადის, რაც მას შედარებით მარტივ სამიზნედ აქცევს.
თინა ხიდაშელმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ კითხვები ეხებოდა მის განცხადებას ტელეკომპანია “TV პირველის“ ეთერში. მან იმავე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს აკრედიტაციის გარეშე მოქმედი სასწავლებელი, რომელიც, მისი თქმით, რეალურად “ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს.
ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, შესაბამისი უწყებები საკითხს გაარკვევენ. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის მისი გამოკითხვა ერთგვარი დაშინების მცდელობა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ მას “ვერაფრით შეაშინებენ”.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ.
“ამ [ალ-მუსტაფას] უნივერსიტეტის ფილიალია, არც უნივერსიტეტია. საბედნიეროდ, აკრედიტაცია მიღებული არ აქვს, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ სამი ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

გიორგი კანდელაკის თქმით, მის შემთხვევაში გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორიც თავად არის. საუბარია ჰადსონის ინსტიტუტის მიერ 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სახელწოდებით – “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში“.
კვლევის ავტორები, კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, ამტკიცებენ, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია უფრო ფართო გეოპოლიტიკური ცვლილების ნაწილია, რომელიც ქვეყნის დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობაზეც აისახება.
გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ასევე დაიკითხა, განაცხადა, რომ კითხვები მისი სატელევიზიო გამოსვლის შესახებ დაუსვეს.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, სუს-ში განაცხადეს, რომ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მისი ტელეფონი გამორთულია. მოგვიანებით ტელეკომპანია “TV პირველმა“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თარგამაძე ამჟამად უცხოეთში იმყოფება.
მოგვიანებით გივი თარგამაძემ თავად გაავრცელა ფოტო და დაწერა, რომ ამჟამად საზღვარგარეთაა.

რას ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი უცხო ქვეყნისთვის ან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება.
სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ სწავლობენ როგორც გავრცელებული განცხადებების შინაარსს, ისე მათ ავტორთა მოტივაციას. მათი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ მსგავსი ბრალდებების ავტორებს სამართალდამცავებისთვის კონკრეტული ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.