სტალინი გუშინდელი დღე არ არის
ოქტომბერში შეიქმნა ვებგვერდ “ღია სიის” ქართული ვერსია – საბჭოთა კავშირში მოქმედი პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი თავი, ან ახლობლები შეიყვანოს. ამ პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი ბონდარენკო JAMnews-ს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის “ღია სია” აქტუალური სწორედ ახლა.
– “ღია სია” იმით გამოირჩევა მსგავსი პროექტებისგან, რომ მონაწილეებს საშუალება აქვთ, უშუალოდ ჩაერთონ მასალის შექმნაში. მათ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, ანკეტა შეავსონ და, ვიკიპედიის პრინციპით შექმნან სტატია. თუმცა, მაშინვე ჩნდება კითხვა – არსებობს თუ არა გამოგზავნილი მონაცემების შესამოწმებელი რაიმე სისტემა?
– ჩვენსა და, მაგალითად, “მემორიალს” შორის პრინციპული სხვაობაა სწორედ მონაცემთა შემოწმების მიდგომების თვალსაზრისით. “მემორიალს” აქვს იმ წყაროების სია, რომელსაც ენდობა – მაგალითად, საარქვივო მასალები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაიმოწმო. ხოლო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მართლაც ძალიან ჰგავს ვიკიპედიას. ჩვენთვის გამოგზავნილ პრაქტიკულად ყველა მასალას ვაქვეყნებთ – და თან, წყაროს სანდოობის მიხედვით, რანჟირებას ვუკეთებთ. ანუ თუკი ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, არაა შემოწმებული და მისი გადამოწმება ვერ ხერხდება, სტატიას უჩნდება ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ჩანაწერში მოყვანილი მასალები, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამასთან, ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამატებს, მე, როგორც რედაქტორი, ვწერ მას წერილს თხოვნით, ამ ინფორმაციის სინამდვილის დასადასტურებლად რაიმე მასალა გამოგზავნოს. მომხმარებელს შეუძლია, მოგვაწოდოს საბუთები, ფოტოები და ა.შ. – ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ. თითქმის ყოველთვის მპასუხობენ და რაიმეს მიგზავნიან ხოლმე. შედეგად, შემოწმება მაინც ხდება, უბრალოდ, კონტროლის მექანიზმი ოდნავ განსხვავებულად მუშაობს.
– ეს პროექტი “მემორიალის” მონაცემთა ბაზის საფუძველზე დაიწყეთ და “ღია სიაში” არსებული ორ-ნახევარი მილიონი ჩანაწერის დიდი ნაწილი ადრე შეგროვდა. ამ ორ-ნახევარი მილიონი ჩანაწერიდან რამდენი ეკუთვნის საკუთრივ მომხმარებლებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა საზოგადოებრივი მოთხოვნა თქვენს პროექტზე?
– ძნელია ზუსტი პასუხის გაცემა, რადგან დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობის დადგენა არ შეგვიძლია. მათი რაოდენობა დაახლოებით ოთხასი ათასია. მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჩვენს ვებგვერდზე შემოდის არა იმისთვის, რომ სტატია დაწეროს, არამედ იმისთვის, რომ სიაზე ჰქონდეს წვდომა. და, ჩემი აზრით, ასეთი ტიპის მომხმარებელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ისინი, ვინც სიაში ახალ სახელებს ამატებს. ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ათეულ სტატიას გვიგზავნიან. ერთი შეხედვით, ეს არც ისე ბევრია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ დიდ რაოდენობასთან გვაქვს საქმე. “დიდი ტერორის” შემდეგ ოთხმოცი წელი გავიდა და თითოეული ჩანაწერი იმის ნიშანია, რომ ხალხს ის მოვლენა ჯერ კიდევ ახსოვს და ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.
და რადგან ამ სტატიებს გვიგზავნიან, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთგვარი საზოგადოებრივი დაკვეთა. ჩვენ გვსურს, “ღია სიას” საწყისი ბიძგი მივცეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ჩვენი ჩარევის გარეშეც გააგრძელებს არსებობას.
– რატომ გადაწყვიტეთ, ამ პროექტით დაკავებულიყავით?
– მე საზოგადოება “მემორიალში” ვმუშაობდი (და ახლაც იქ ვმუშაობ). განათლებით საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსი ვარ; მიუხედავად იმისა, რომ ტერორი ჩემი სპეციალიზაცია არ არის, “მემორიალში” მუშაობის რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან კარგად მივხვდი, რომ ეს ის თემაა, რომელთანაც, ასე თუ ისე, თითქმის მთელი ჩვენი უახლოესი წარსულია დაკავშირებული.
ჩვენი პროექტი სამოქალაქო განათლების სისტემის ნაწილად მესახება. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიები, წარსული კი არა, სავსებით საგრძნობი აწმყოა.
– ამჟამად “ღია სია” ხელმისაწვდომია არამხოლოდ რუსულ, არამედ ქართულ და უკრაინულ ენებზეც. ამასთან თითოეულ ქვეყანას საკუთარი მონაცემთა ბაზა აქვს. რატომ შეირჩა მაინცდამაიც ეს ქვეყნები?
– ამ ქვეყნებს უბრალოდ ადვილად დავუკავშირდით. ასეთი მონაცემთა ბაზის შექმნის შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანას რეპრესიების მიმართ და როგორ წარმოაჩენს ის საკუთარ ისტორიას. ბუნებრივია, შემთხვევით არ მომხდარა, რომ “ღია სიაში” ქართული და უკრაინული მასალების ჩართვა მოვახერხეთ. პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში (განვითარების გარკვეულ ეტაპზე მაინც) უკრაინა და საქართველო გაცილებით უფრო ლიბერალური ქვეყნები აღმოჩნდნენ, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილი სხვა სახელმწიფოები. ეს ორი ქვეყანა უბრალოდ საკუთარ საბჭოთა წარსულს გასცდა. ამ ქვეყნებს ჰქონდათ და დღემდე აქვთ სერიოზული სახელმწიფო ინტერესი რეპრესიების თემების მიმართ. და ამიტომ ამ თემას აქტიურად განიხილავენ და ამ მიმართულებით მუშაობენ (განსაკუთრებით, უკრაინაში) – იქმნება სიები, მუშავდება საარქივო მასალა და მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხითაა დაკავებული. ამ ქვეყნებში უფრო მეტ სამუშაო მასალაზე მიგვიწვდება ხელი. საქართველოში გაცილებით უფრო პატარა ბაზაა, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პრაქტიკულად, იდეალური მდგომარეობაა. მივიჩნიეთ, რომ ნამდვილად ჰქონდა აზრი “ღია სიების” შექმნას უკრაინასა და საქართველოში. ამ სახელმწიფოებში ძალიან აქტუალურია რეპრესიების თემა და ამიტომ, სავარაუდოდ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი აქვთ მოსაყოლი.
– აპირებთ თუ არა “ღია სიის” შექმნას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც?
– საერთოდ, დიდი სურვილი გვაქვს, გავზარდოთ იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც “ღია სიები” აქვთ. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არც ისე რთულია. ჩვენ შევიმუშავეთ ვებგვერდი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადგილზე აამოქმედო იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეული კატეგორიის ადამიანებსა და ორგანიზაციებს მოურიგდები ამ ვებგვერდის მართვასთან დაკავშირებით. უფრო სწორად, გვინდა, რომ “ღია სია” ფრენჩაიზად ვაქციოთ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ტექნიკურად ეს ელემენტარული ამოცანაა. მთავარი პრობლემა ისაა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ პროექტის დაწყება. ჯერჯერობით სხვა ქვეყნებში უფრო რთული მდგომარეობაა. ძალიან უცნაური იქნება “ღია სიის” შემნა იმ შემთხვევაში, თუკი შეზღუდული იქნება წვდომა ყველა მასალაზე. ასეთ შემთხვევაში, ბაზა უბრალოდ, ცარიელი იქნება.
– მუშაობს თუ არა ამ საკითხზე რუსული სახელმწიფო? იძლევა თუ არა, მაგალითად, არქივების გახსნის ნებართვას?
– რუსეთის სახელმწიფოს შეეძლო, ორი გზით დაგვხმარებოდა – მთლიანად საკუთარ თავზე აეღო ეს საქმე, გაეხსნა არქივები და მონაცემთა ეროვნული ბაზა მოემზადებინა – ისე, როგორც “დიდი სამამულო ომის” შემთხვევაში გააკეთა. რუსეთის სახელმწიფოს შეეძლო, ხელი მაინც არ შეეშალა იმ კერძო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისათვის, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულნი. სამწუხაროდ, ამ საქმეში რუსული სახელმწიფო საერთოდ არ გვეხმარება. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულდა საარქივო მასალების მოძიების პროცესი. იქმნება კანონები, რომელთა ძალითაც იხურება საქმეები და მათი გასაიდუმლოებულობის ვადა ხანგრძლივდება. არსებობს კანონი პირადი მონაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუკი გსურს ვინმეს პირად საქმეს გაეცნო, აუცილებლად უნდა მიიღო თანხმობა ამ ადამიანის ნათესავისგან – იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოთხმოცი წლის წინანანდელ საქმეზეა საუბარი.
– თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
– ძირითადად იმიტომ, რომ ეს თემა ძალიან მჭიდრო კავშირშია პოლიტიკასთან. ჩვენი სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს ჩაყრილ საძირკველზე დგას. ჩვენ საბჭოთა წარსულს სულაც არ უარვყოფთ. პირიქით – ბევრი რამ, რაც საბჭოთა კავშირში მოხდა, დადებით მოვლენად მიიჩნევა. სახელმწიფო არ აპირებს ამ მემკვიდრეობის დისკრედიტაციას. ის ხომ სწორედ ამ მემკვიდრეობაზე აგებს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას.
– შეცდომების არაღიარებასთან გვაქვს საქმე?
– “შეცდომები” – სუსტი სიტყვაა. რეპრესიები ხომ საბჭოთა საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის გარეშეც ეს სისტემა ვერ იარსებებდა. შეუძლებელია ამ საზოგადოების შესახებ საუბარი იმის დახასიათების გარეშე, თუ როგორ იყო მოწყობილი რეპრესიული სისტემა. ამიტომ, ეს საკითხი, საერთოდ რომც არ შეფასდეს, სულ ცოტა, შესწავლას მაინც საჭიროებს. შესწავლის პროცესს კი, როგორც წესი, ახლავს შეკითხვები – “რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?”, “ვინ არის დამნაშავე” და სხვა.
ამ მხრივ, კარგ მაგალითს იძლევა გერმანია. მათ ასეთ მასალებზე მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. ეს საკითხი სასკოლო პროგრამაშიც აქვთ ჩართული. საგანგებო ტერმინიც კი დაამკვიდრეს – “წარსულის გადამუშავება”.
გამოქვეყვნებულია: 31.10.2016