სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დეპუტატებს კვერცხები დაუშინეს
სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ოპოზიციამ „მოღალატედ“ გამოაცხადა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.
28 დეკემბრის დილიდან პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანმა მოაწყო მორიგი საპროტესტო აქცია პრემიერის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, თანაც დეპუტატებთან სიტყვიერი კამათი ჩხუბშიც კი გადაიზარდა.
პარლამენტის შენობასთან თავმოყრილია პოლიციის გაძლიერებული ძალები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ეროვნული კრების შესასვლელს, სადაც რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს.
პროტესტის მონაწილეები დეპუტატებს ხვდებოდნენ შეძახილებით „სირცხვილი!“, მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატის, ანდრანიკ კოჩარიანის მანქანას კი კვერცხები დაუშინეს და მას მოღალატე უწოდეს.
კოჩარიანმა ერთ-ერთ მონაწილეს დაუყვირა: „მოღალატე დედაშენია, ლაწირაკო“, – და პასუხად გინება მიიღო.
ინციდენტი შეემთხვა სხვა პროსახელისუფლებო დეპუტატს, სისაკ გაბრიელიანსაც.
აქციის მონაწილეებმა მის ავტომობილს გზა გადაუკეტეს და პარლამენტის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ ჩხუბი დაიწყო.
ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი მანქანიდან გადმოვიდა და ოპოზიციონერებს მივარდა.
ფაშინიანის გამოსვლა
წინა დღით, ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა სომხეთის საზოგადოებრივ ტელეარხს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა კომენტარი გაუკეთა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლიდერი, რომელმაც ომში წააგო, არჩევნების არ უნდა მართავდეს.
ლაპარაკია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის 2021 წელს გამართვის წინადადებითაც ფაშინიანი გამოდის. გასულ კვირას მან ამ საკითხის განსახილველად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალები მიიწვია.
„მე პასუხისმგებლობას არასოდეს გავექცევი, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აუცილებლად და შესაძლებლად მიმაჩნია ამ ომის შესახებ მთელი სიმართლის გამჟღავნება. ხომ არსებობს ათობით მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გამოჰქონდათ ადამიანებს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებს, ქუჩის ფარნები ჯერ კიდევ სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტებიდან და როგორ ამბობდნენ, ამათი შეგროვება და თან წამოღებაა საჭიროო. ასეთ ადამიანებს შორის არიან ისინი, ვინც ოპოზიციასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწევს ხალხის წინაშე გამოსვლა და ამ ფაქტებზე განმარტებების გაკეთება.
აი, პრემიერის ინტერვიუს სხვა თეზისები:
- სატრანსპორტო დერეფანსა და რეგიონში გზების განბლოკვა, რომლებიც ჩართულია სამმხრივ განცხადებაში, რომლის თანახმადაც შეწყდა ყარაბაღში საომარი მოქმედებები, კიდევ გულდასმით განიხილება და დაზუსტდება.
- თუ აზერბაიჯანი მიიღებს გადაადგილების შესაძლებლობას სომხურ სოფელ მეგრის გავლით, მაშინ სომხეთმაც უნდა მიიღოს ანალოგიური გასასვლელი ნახიჭევანის გავლით.
- თუ ვინმე თავს დაესხმება სომხეთის სამხრეთ რეგიონ სიუნიქს, მიიღებს არა მარტო სომხეთის არმიის, არამედ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთისა და სამხედრო ბლოკის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პასუხსაც, რომლის წევრიცაა სომხეთი.