სომხეთში მკვეთრად გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე
სომხეთში, მკვეთრად გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ფასები მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, პურსა და შაქარზე ჯერ კიდევ საახალწლო დღესასწაულების დადგომამდე გაიზარდა 30-40 პროცენტით. ამ რიცხვების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ თავმჯდომარემ, კარენ ჩილინგარიანმა განაცხადა.
თუმცა, მისი განცხადებისთანავე, ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა, რომელიც ფასების ზრდის საკითხზე მთავრობის სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით, აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა და ქვეყანაში ინფლაცია 2.5 პროცენტს არ აჭარბებს.
- პუტინი, ალიევი და ფაშინიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ
- „სისხლი, ოფლი და ცრემლები“ – სომხეთის კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა პოლიტოლოგისგან
რას ამბობს მინისტრი
მინისტრის თქმით, სომხეთში უფრო ნაკლებია ინფლაცია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში:
„რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, თურქეთში, ირანსა და საქართველოში ინფლაცია გაცილებით მაღალია. ჩვენთან, ცენტრალური ბანკის წყალობით, საკმაოდ მსუბუქი მდგომარეობაა. ახლა, თუკი კონკრეტულ საქონელზე გაზრდილ ფასზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ პროდუქტზე ფასის მატება კომპენსირდება მეორეზე ფასის შემცირებით.
ამასთან, ფასები ზოგიერთ საქონელზე საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად გაიზარდა და სომხეთს არ შეუძლია შეიმუშავოს საკუთარი პოლიტიკა ფასების შესამცირებლად“.
მინისტრის თქმით, 2020 წელს, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების სფეროებში:
„ამ სამ სფეროში, დაახლოებით, 20%-იანი ვარდნა შეინიშნება“.
საერთო მაჩვენებლებით, ქვეყანაში, 2020 წელს, 8.5%-იანი ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი. ოფიციალური რეალური ციფრი იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.
ამავდროულად, მინისტრმა უკვე განაცხადა თავისი ამბიციური მიზნის შესახებ – 2021 წელს „ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს“.
რას ამბობს ექსპერტი
პურზე, ფქვილსა და სხვა საქონელზე ფასების მატებას „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი იმით ხსნის, რომ ეს პროდუქტი გაძვირდა რუსეთში, საიდანაც ისინი სომხეთში შემოდის.
„ფქვილზე ფასის მატების ფონზე, სამეურნეო სუბიექტებმა პურზე ფასების შენარჩუნების მიზნით, ის, დაახლოებით, 30 გრამით შეამცირეს“, – განაცხადა კარენ ჩილინგარიანმა.
მისი თქმით, ფასების ზრდის მეორე მიზეზი, ეროვნული ვალუტის, დრამის დევალვაციაა.
ექსპერტმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთიდან საქონლის შემოტანის აკრძალვაზე, რომელიც სომხეთში, 2021 წლის დასაწყისიდან მოქმედებს. ემბარგო გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა, ყარაბაღის მეორე ომის დროს და საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერით ახსნა.
გარდა ამისა, ივარაუდეს, რომ ეს ნაბიჯი დაიცავდა ადგილობრივ მწარმოებლებს. მანამდე, თურქეთიდან იმპორტის მოცულობა, დაახლოებით, 250-270 მილიონ დოლარს შეადგენდა წელიწადში.
მაგრამ, ჯერჯერობით, ექსპერტის განცხადებით, თურქული პროდუქცია შეიცვლება რუსული, ჩინური ან ირანული ანალოგით:
„საყოფაცხოვრებო ქიმიის იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხდებოდა, ახლა – ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ფასების ზრდა ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება“.