სომხეთში პედაგოგებს ხელფასებს 50 პროცენტით გაუზრდიან
სომხეთში მასწავლებლებს ხელფასებს 30-დან 50 პროცენტამდე გაუზრდიან, მაგრამ მხოლოდ მათ, რომლებიც შესაბამის ატესტაციას გაივლიან. ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
დღეისათვის, კვირაში 22 გაკვეთილისთვის ანუ ერთი სამასწავლებლო განაკვეთისთვის, მასწავლებელი 108 ათას დრამს (210 დოლარს) იღებს. თუმცა, ყველა მასწავლებელი არ მუშაობს ასეთი სრული დატვირთვით. საქმე იმაშია, რომ 24 ათასი მასწავლებლის განაკვეთზე, დაახლოებით, 37 ათასი პედაგოგი მოდის.
არის ასევე უმაღლესი სასწავლებლების რეფორმისა და მეცნიერების სფეროში დამატებითი ინვესტირების გეგმაც.
- არასტაბილურობა, უმუშევრობა, ყარაბაღის კონფლიქტი – სამი მთავარი პრობლემა სომხეთში
- HALO Trust-ი მთიან ყარაბაღში თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს
რეფორმები განათლების სფეროში
სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში რეფორმის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა. ფაშინიანის თქმით, ხელისუფლება მათ „ფუნდამენტური კონცეპტუალური გარდაქმნების შესაბამისად“ ჩაატარებს.
ამასთან, მან სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. მაგრამ, პირველ რიგში, საუბარია თავად პედაგოგების სრულყოფასა და სწავლების დონისა და სტანდარტების ამაღლებაზე.
რა ელის უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას
აქტიურად განიხილება რეფორმები უმაღლესი განათლების სფეროში, თანაც, არა მხოლოდ სწავლების შინაარსისა და მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრს ასევე იდეა აქვს, ერევანთან ახლოს, აკადემიური ქალაქი შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დღეს ერევანში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობის განთავსება.
„ეს საშუალებას მოგვცემს, სრულად გადავაკეთოთ სასწავლო და სამეცნიერო პროცესი, გადავიყვანთ რა მას თანამედროვე სტანდარტებზე. მათ შორის, სწორედ ასეთი სტუდენტური და სამეცნიერო კომპლექსი-საერთო საცხოვრებლებით, შესაძლებელია სტუდენტური სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების სტიმულირება“, – მიაჩნია ფაშინიანს.
მოქმედი ხელისუფლება, 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საუბრობდა მეცნიერებაში ინვესტირების აუცილებლობის შესახებ. პრემიერი ახლა კვლავ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას:
„აუცილებელია მეცნიერების დაფინანსების გაზრდა, ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ეჭვს არ იწვევს. მაგრამ აუცილებელია ისეთი სისტემის ქონა, რომელიც უზრუნველყოფს თანხების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლს“.
