სომხეთში იესოს ბრაზილიური ქანდაკების მსგავსს დადგამენ. ეკლესია წინააღმდეგია
სომხეთში იესოს ქანდაკება დაიდგმება
ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი და ყოფილი დეპუტატი გაგიკ ცარუკიანი აპირებს სომხეთში იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმას, თუმცა სომხური სამოციქულო ეკლესია ამ იდეის წინააღმდეგია.
სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ქანდაკება ეწინააღმდეგება სომხური ეკლესიის თაყვანისცემის ტრადიციებს.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა პროექტს დადებითად უყურებს. მისი აზრით, იესოს ქანდაკება სომხეთის მიმართ ტურისტების ინტერესს გაზრდის.
სამუშაოები ჰატისის მთაზე, სადაც ეს ძეგლი უნდა დაიდგას, 9 ივლისს დაიწყო. დაარსების ცერემონიას სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ვაჰან კერობიანიც დაესწრო.
ძეგლს მოქანდაკე არმენ სამველიანი ჩამოასხამს. მან სპეციალურ კონკურსში გაიმარჯვა – კენჭისყრაში ხალხი მონაწილეობდა, სმს-ებს აგზავნიდნენ.
ქრისტეს ქანდაკებას 33 მეტრის სიმაღლე ექნება, რაც მისი ცხოვრების წლებს ემთხვევა. იგი დამონტაჟდება 44 მეტრიან პედესტალზე. ჰატისის მთაზე ძეგლთან ერთად მუზეუმის აშენებასაც აპირებენ. როგორც ამბობენ, პროექტი მნახველების მისაღებად უკვე სამ წელიწადში მზად იქნება.
მთაზე ასვლის გასაადვილებლად, ტურისტებისთვის საბაგირო გზაც აშენდება, ამბობს გაგიკ ცარუკიანი.
იესო ქრისტეს ქანდაკებები დგას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში.
„ეს მართლაც მასშტაბური, ალბათ ყველაზე მასშტაბური ტურისტული პროექტია სომხეთში. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ენთუზიაზმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ იზიარებს. დეპარტამენტი ქანდაკების იდეას მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ რიგში აუცილებელია სამშენებლო პროექტის წარდგენა (პროექტი კულტურის სამინისტროში ოფიციალურად არც წარუდგენიათ სამუშაოები ისე დაიწყო) და პროფესიული შეფასების მიღება. გარდა ამისა, სამინისტროში შიშობენ, რომ მშენებლობის დროს ჰატისის მთაზე მდებარე უძველესი ძეგლები შეიძლება დაზიანდეს.
ჰატისის მთის ფერდობებზე 20-მდე ძეგლია შეტანილი ძეგლთა სახელმწიფო ნუსხაში. 2019 წელს, სომხურ-იტალიური არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევისას, მთის წვერზე აღმოაჩინეს ბრინჯაოსა და რკინის ხანის უძველესი ციხე.
რამდენიმე თვის წინ ცარუკიანის ინიციატივა სომხური ეკლესიის უმაღლესმა საბჭომ განიხილა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა:
ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმას, მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება სომხური ეკლესიის მრავალსაუკუნოვან იკონოგრაფიულ და ლიტურგიკულ ტრადიციას.
ტრადიციის თანახმად, ეკლესია იღებს მხოლოდ ქრისტეს გამოსახულებას ხაჭკარების პრინციპით, ანუ ქვაზე გამოსახული ჯვრით და არა ქანდაკების სახით.