სომხეთში განიხილავენ ფაშინიანის იმპიჩმენტს — აქვს თუ არა ოპოზიციას საკმარისი ხმები პროცესის დასაწყებად?
სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანის იმპიჩმენტს გეგმავს
სომხეთში ოპოზიცია განიხილავს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის დაწყების შესაძლებლობას. პროცესის ინიციატორია ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ფრაქცია “პატივი მაქვს“, რომელმაც პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურაც წარადგინა — მასისის მერი, რესპუბლიკური პარტიის საბჭოს წევრი დავით ამბარცუმიანი. თუმცა მისი გვარი ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია.
კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია, “სომხეთი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, მზად არის 28 დეპუტატის ხელმოწერით მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტის ინიციატივას.
თუმცა, პროცედურის დაწყებისთვის აუცილებელია 36 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც ერთ მესამედს შეადგენს პარლამენტის სრული შემადგენლობიდან. ორი ოპოზიციური ფრაქციის ერთობლივი რაოდენობა კი მხოლოდ 34 მანდატს შეადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის, მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენლებმა უკვე გამორიცხეს პროცესში მონაწილეობა და განაცხადეს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. ის დეპუტატებიც, რომლებიც ადრე ამ ფრაქციის წევრები იყვნენ — ოვიკ აგაზარიანი და აკოპ ასლანიანი — იმპიჩმენტის პროცესს არ უერთდებიან.
მიმდინარეობს მოლოდინი დამოუკიდებელი დეპუტატების, გეგამ ნაზარიანისა და იშხან ზაქარიანის პოზიციის შესახებ, რომლებმაც სხვადასხვა დროს დატოვეს ოპოზიციური ფრაქციები.
აღსანიშნავია, რომ იმპიჩმენტის ინიცირება მხოლოდ პროცესის დასაწყისია, თავად პრემიერის გადაყენება კი 107-წევრიანი პარლამენტიდან მინიმუმ 54 დეპუტატის ხმას საჭიროებს — რაც მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუმცა, ფრაქცია “პატივი მაქვს“ ამ ეტაპზეც მიიჩნევს, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების “ყველაზე რეალისტური მექანიზმი“ სწორედ იმპიჩმენტია.
იმპიჩმენტი ფაშინიანის წინააღმდეგ — როგორ დაიწყო პროცესი და რატომ ჩაიშალა პირველი მცდელობა
სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის თემა აქტიურად განიხილება აპრილის ბოლოდან. სამოქალაქო მოძრაობა “ჩვენ ვფხიზლობთ” წევრებმა — ნარეკ მალიანმა და ედგარ გაზარიანმა — ქვეყნის ყველა, 107 პარლამენტარს წერილობით მიმართეს. წერილში ისინი იმპიჩმენტს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად მიიჩნევენ და დაპირებას იძლევიან, რომ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერისთვის მზად არიან.
მართალია, მმართველმა ფრაქციამ წერილს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ოპოზიციურ ფრაქციებში პროცესზე საუბარი დაიწყო. ფრაქცია “პატივი მაქვს“ აცხადებდა, რომ ჯერ არ ჰყავდათ პრემიერობის კანდიდატი, თუმცა მზად იყვნენ იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივა განეხილათ. ფრაქცია “სომხეთი“ კი პროცესში მონაწილეობას მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმებოდა, თუ ინიციატორები მოაგროვებდნენ 8 დამატებით ხელმოწერას და საჯაროდ იტყოდნენ, რომ მზად იყვნენ უზრუნველყოფდნენ ხალხის მასობრივი მობილიზება — რაც, მათი შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იყო.
ამასობაში, იმპიჩმენტის თემა წამოსწიეს მმართველი ფრაქციიდან გარიცხულმა დეპუტატებმა — ოვიკ აგაზარიანმა და აკოპ ასლანიანმა. მათ პრემიერის კანდიდატად ფაშინიანის ყოფილი მოკავშირე ედმონ მარუქიანი წარადგინეს. თუმცა ოპოზიციურმა ფრაქციებმა მარუქიანის კანდიდატურა არ მიიღეს. ფრაქცია “პატივი მაქვს“ მას “ნიკოლ ფაშინიანი ნომერ 2“-ად მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკა არაფრით განსხვავდება მოქმედი პრემიერის კურსისგან.
მარუქიანმა თავის მხრივ განმარტა, რომ იმპიჩმენტის ჩაშლის მთავარი პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია და რომ ოპოზიცია განგებ უწვდის ხელს ნიკოლ ფაშინიანს.
“არ არსებობს რეალური ალტერნატივა — მხოლოდ იგივე სახეები. ეს მხოლოდ აძლიერებს ფაშინიანის პოზიციებს.” – განაცხადა მარუქიანმა.
მიუხედავად გაურკვევლობებისა, ფრაქცია “პატივი მაქვს“ ლიდერმა აიკ მამიჯანიანმა განაცხადა, რომ ახლა საუკეთესო დროა პრემიერის გადაყენებისთვის:
“ფაშინიანის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა. იმპიჩმენტის პროცესი — ყველაზე რეალისტური და ნაკლებად კონტროლირებადი გზაა ხელისუფლების შესაცვლელად.“
მისივე თქმით, აქამდე პრიორიტეტად ქუჩის პროტესტს მიიჩნევდნენ, მაგრამ ტაქტიკა შეიცვალა იმ იმედით, რომ საპარლამენტო პროცესი შესაძლოა გადამწყვეტი გამხდარიყო უფრო მასშტაბური აქციებისთვის.
ხელისუფლების პოზიცია: “იმპიჩმენტი წარუმატებელი იქნება“
ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას სერიოზულად არ აღიქვამს.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმპიჩმენტი ვერ შედგება. მშვიდად ვემზადებით 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში.“ – განაცხადა ხუდატიანმა.
რაც შეეხება გიუმრის მუნიციპალურ არჩევნებს, სადაც მმართველმა პარტიამ წარმატებას ვერ მიაღწია, მინისტრმა ეს პიროვნულ ფაქტორებს მიაწერა და არა პარტიულ ტენდენციებს.
კომენტარი
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციამ პირველ რიგში საკუთარი პოზიციონირებისთვის წამოიწყო:
„მათ მიაღწიეს მიზანს — ყურადღება მიიპყრეს. რესურსი რეალური ცვლილებისთვის არ აქვთ.“
გევონდიანს არ სჯერა, რომ იმპიჩმენტი ფორმალურად დაიწყება. მისი აზრით, პოლიტიკურად ამ პროცესს დიდი დატვირთვა არ აქვს, თუ არ მოხდება ფორს-მაჟორული ცვლილებები.
პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი კი აცხადებს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 36 ხელმოწერის მოგროვება პრაქტიკულად გამორიცხულია:
“არც ერთი ფრაქცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტიიდან გამოსულებიც, მზად არ არიან ხელი მოაწერონ.“
სურენიანცის აზრით, სიტუაციას მხოლოდ მასობრივი ქუჩის მობილიზება თუ შეცვლის — და ამისთვის საჭიროა ახალი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც დღემდე არავის წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, რომ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქუჩის პროტესტები 2020 წლიდან მიმდინარეობს, მათ შორის ყველაზე მასშტაბური — “წმინდა ბრძოლა” — წარუმატებლად დასრულდა.