სომხეთმა ოფიციალური წერილი გაგზავნა მოსკოვში, სადაც ნათქვამია, რომ ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში რუსეთის ეფესბეს-ს მესაზღვრეები აღარ იმუშავებენ.
“იქ სასაზღვრო სამსახურს მხოლოდ სომხური სასაზღვრო ჯარები განახორციელებენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციას ოფიციალური წერილით ეცნობა“, – განუცხადა 7 მარტს ჟურნალისტებს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
სომხეთს აქვს სახმელეთო საზღვარი ოთხ ქვეყანასთან: ირანთან, საქართველოსთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. სომეხი მესაზღვრეები იცავენ სომხეთ-საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებს. სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებს კი 1992 წლიდან რუსეთის ეფესბეს რაზმები იცავენ. შესაბამის შეთანხმებას სომხეთმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოაწერა ხელი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1992 წლის სექტემბერში.
რაც შეეხება ზვართნოცის აეროპორტს, სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსი მესაზღვრეების ყოფნა იქ უკანონოა და არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეთანხმებით.
არმენ გრიგორიანმა ასევე კომენტარი გააკეთა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სხვა ასპექტებზე, კერძოდ, სომხეთის მონაწილეობის პერსპექტივაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ბლოკში (პოსტსაბჭოთა ბლოკი რუსეთის ხელმძღვანელობით) და იარაღის შეძენაზე.
სომხეთს „ყველა შესაძლებლობა აქვს თავისი ტერიტორიის სრული კონტროლისთვის“.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში სომხეთმა სხვადასხვა შესაძლებლობები და უნარები შეიძინა. ახლა კი მას შეუძლია დამოუკიდებლად და სრულად აკონტროლოს თავისი აეროპორტი.
გრიგორიანმა ასევე ისაუბრა რუსეთიდან იარაღის მიწოდებაზე. მისი თქმით, რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის შესყიდვა 96 პროცენტიდან 10 პროცენტამდე დაეცა.
„ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ახორციელებს დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ეძებს და პოულობს პარტნიორებს არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აზიაში, ინდოეთში და სხვაგან”.
ამავე დროს, უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანმა დივერსიფიკაციის პოლიტიკას სულ ცოტა ხნის წინ მიმართა:
„მინიმუმ 2021 წლის დეკემბრამდე ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს თითქმის 100 პროცენტით ვუკავშირდებოდით რუსეთს. თუმცა, ამ ტაქტიკამ არ გაამართლა და ქვეყნის უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი თავდასხმები და სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია [იგულისხმება სამხედრო მოქმედებები 2021 წლის მაისში და 2022 წლის სექტემბერში].
“რუსეთს ცუდი ურთიერთობა აქვს ბევრ ქვეყანასთან”
ჟურნალისტებმა უშიშროების საბჭოს მდივანს ჰკითხეს, ემზადება თუ არა სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ბლოკიდან , რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებს. მათ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. არმენ გრიგორიანმა თქვა, რომ აუცილებელია ОДКБ-ს ვკითხოთ, როგორი იქნება სამომავლო ურთიერთობები.