სომხეთი კოსმოსური თანამგზავრების წარმოების დაწყებას აპირებს
სატელიტური წარმოება სომხეთში
სომხეთის მთავრობა ქვეყანაში კოსმოსური თანამგზავრების წარმოების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, რობერტ ხაჩატრიანმა განაცხადა.
ორი თვის წინ სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა პირველი სომხური თანამგზავრის კოსმოსში გაშვების შესახებ, ახლა კი მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა „ამბიციური მიზნებიც“ აქვს.
ცნობილია, რომ თანამგზავრის წარმოებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს მთავარ პარტნიორთან, ესპანურ Satlantis-თან, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ის ასევე ღიაა “ახალი თანამშრომლობისთვის”.
2022 წლის მაისის ბოლოს სომხეთმა პირველი თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა სომხური სახელმწიფო კომპანია Geocosmos-ისა და Satlantis-ის თანამშრომლობის შედეგად.
Satlantis დაარსდა აშშ-ში 2013 წელს, ერთი წლის შემდეგ კი სათაო ოფისი ესპანეთში გადავიდა.
“ჩვენი თანამგზავრი არ არის საკომუნიკაციო თანამგზავრი” –
ამის შესახებ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა განაცხადა და დასძინა:
“ეს არის დედამიწის დისტანციური ზონდირების თანამგზავრი.”
რობერტ ხაჩატრიანის თქმით, ამ ეტაპზე ფასდება ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების შემდგომი შესაძლებლობები:
„სსრკ-ს დროს სომხეთში იყო გარკვეული შესაძლებლობები [ინდუსტრიის განვითარებისთვის]. რაც, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ შემორჩენილია. ჩვენ გვაქვს კარგი იდეები და გვყავს კარგი სპეციალისტები, რომელთა ცოდნის გამოყენება ძალიან ეფექტურად შეიძლება.“
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხა იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად. მან მხოლოდ თქვა, რომ „განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა.“
მეორე თანამგზავრიც მალე გაეშვება
მინისტრი დარწმუნებით ამბობს, რომ მთავრობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და არის სხვა ამბიციური კოსმოსური პროექტები, თუმცა ამ ეტაპზე არ ამხელს, თუ რა პროექტებზეა საუბარი.
მან მხოლოდ ის თქვა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის მეორე თანამგზავრი კოსმოსში გაიგზავნება.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა პირველი თანამგზავრისთვის საკონტროლო ცენტრისა და მიმღები სადგურის შესაქმნელად. ხაჩატრიანის თქმით, ტექნიკის მიწოდება უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება. მისივე განმარტებით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
26 მაისს, პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პირველი თანამგზავრი კოსმოსში გაეშვა, ხოლო ქვეყანა შედის “კოსმოსური საქმიანობის ეპოქაში”.
სომხეთში სატელიტური ფოტოები გამოყენებული იქნება საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის – საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად; მენეჯმენტისთვის, გარემოს დასაცავად – კლიმატის ცვლილების ჩათვლით; ასევე, ურბანული დაგეგმარების, გზების მშენებლობის, გეოლოგიისა და სხვა სფეროებისთვის.
პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე შეიქმნება სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური.