"სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებს" - ფაშინიანის პრესკონფერენცია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციიდან ყველა მნიშვნელოვანი კითხვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონისგან მიიღო არაოფიციალური შეთავაზება რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დიპლომატიური საქმიანობა უმეტესად სწორედ ასე, არაოფიციალურ ფორმატში მიმდინარეობს.
ბოლო დროს სომხურ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება შესაძლო შეთანხმება, რომლის თანახმადაც აშშ-ის კომპანიას შესაძლოა გადაეცეს სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი გზა, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს. თუმცა, ამ მოდელის დეტალები, მათ შორის კერძოდ რომელი ფუნქციების აუთსორსზე გადაცემა იგეგმება, ჯერ არ საჯაროვდება.
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ 2022 წელს ერევანმა თავად შესთავაზა ბაქოს საზღვრისა და საბაჟო კონტროლის აუთსორსზე გადაცემა, თუმცა აზერბაიჯანმა ეს ინიციატივა უარყო. მისი თქმით, აღნიშნულით მხოლოდ აშშ კი არა, ევროკავშირი და ჩინეთიც ინტერესდებიან.
“შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება? — ვერ ვიტყვი. მაგრამ გამორიცხული არაა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ვარიანტი არ განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და იურისდიქციას. ბაქო, როგორც ცნობილია, მოითხოვს ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს, რაც ერევნის შეფასებით, გულისხმობს ექსტერტიტორიული გზის სტატუსს.
პრემიერის თქმით, ტერმინი “დერეფანი“ სომხურ საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს იწვევს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა ყარაბაღის ომზე ხელი მოეწერა სამმხრივ განცხადებას. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ტერმინი ნეიტრალურია და არ ნიშნავს ტერიტორიულ სუვერენიტეტზე უარს. ფაშინიანმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ გზების განბლოკვაზე მსჯელობა ნებისმიერ შემთხვევაში ეფუძნება სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებს.
პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა: აზერბაიჯანთან შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე, ელექტროსისტემების ნაციონალიზაციის პროცესზე და სამოციქულო ეკლესიასთან დაძაბულობაზე.
“განბლოკირების მრავალი ვარიანტი განიხილება“
ნიკოლ ფაშინიანმა დააზუსტა, რომ აზერბაიჯანთან განიხილება რამდენიმე შესაძლო მოდელი რეგიონული გზების განბლოკვისა და მათი მართვის შესახებ, მათ შორის — კერძო კომპანიებისთვის გზის გადაცემა აუთსორსზე. თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
ფაშინიანმა საზოგადოებრივი შეშფოთების თავიდან აცილების მიზნით აღნიშნა, რომ სომხეთში აუთსორსინგის პრაქტიკა უკვე არსებობს და ის ამ ეტაპამდე სუვერენიტეტისთვის საფრთხედ არ მიჩნეულა:
“აეროპორტ ზვართნოცის მართვა გადაცემულია აუთსორსზე. ანალოგიურად — წყლის სისტემის და სომხეთის რკინიგზის მართვაც. თუმცა ეს ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში.“
მისი თქმით, თუ გზების პროექტი აუთსორსზე გადაეცემა, შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომპანია, რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს. ფაშინიანმა მთავრობის ინიციატივას — “სამშვიდობო გზაჯვარედინს“, რომელიც რეგიონული კავშირების გახსნას ითვალისწინებს, “ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელი“ უწოდა:
“ეს პროექტი მოიცავს არა მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, არამედ ნავთობსადენებს, გაზსადენებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და საკომუნიკაციო სისტემებს. ამ ყველაფრის შექმნა, მართვა და განვითარება დაგეგმილი სერიოზული ეკონომიკური პროცესია.“
ფაშინიანმა დაადასტურა, რომ განიხილება გზის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემის შესაძლებლობაც. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იჯარით აღებულ მიწაზე შესაძლებელია კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სომხეთის საკუთრებაში დარჩება ან ავტომატურად გადავა სახელმწიფოს მფლობელობაში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა გაამარტივოს გადმოსასვლელი პროცედურებიც:
“მივმართავთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა პასპორტის შემოწმების დაჩქარება და კონკურენტული სატარიფო პირობების შეთავაზება გადამზიდავებისთვის.“
ფაშინიანის შეფასებით, ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ სომხეთს უნდა მისცეს შესაძლებლობა გახდეს საერთაშორისო, რეგიონული და გლობალური ტრანზიტული ცენტრი:
“ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს უსაფრთხო და ეფექტური საინვესტიციო გარემო.“
“დიახ, სომხეთს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს“
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამის შესახებ მან ისაუბრა ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას გამართული შეხვედრების შეფასებისას.
“მკითხეს, ნიშნავს თუ არა სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად. ჩემი პასუხი იყო – დიახ, სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი“, — აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, როგორც სომხურმა, ისე ევროპელმა პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა და კანდიდატმა სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაციის სურვილი არ არის დამოკიდებული მხოლოდ წევრობაზე:
“აქ ორი სცენარია – ან სომხეთი გახდება ევროკავშირის წევრი, ან არა. თუ გაწევრიანდება – შესანიშნავია. თუ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გაწევრიანდება, სომხეთი მაინც გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.“
მოგვიანებით, ჟურნალისტის სხვა კითხვაზე პასუხისას, ფაშინიანმა დაამატა:
“ნებისმიერ შემთხვევაში, 20 წელიწადში სომხეთი იქნება ევროკავშირის წევრი.“
რუსეთთან ურთიერთობებსა და ОДКБ-დან გასვლაზე
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, შესაძლოა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოსვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წევრობის აღდგენასთან. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რამდენ ხანს დარჩება სომხეთი სამხედრო ბლოკში “გაყინული წევრობის“ სტატუსით.
“უფრო რეალურია, რომ ჩვენ ОДКБ დავტოვოთ, ვიდრე გავააქტიუროთ წევრობა,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
ОДКБ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ხელმძღვანელობს, არ გამოეხმაურა ერევნის თხოვნას, 2021 და 2022 წლებში დახმარება გაეწია, როცა აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში გადაინაცვლეს. ორგანიზაციის წევრებმა უარის მიზეზად საზღვრის არადელიმიტირებული სტატუსი დაასახელეს. სომხეთში ეს აღიქვეს როგორც უარი – არ სცნონ ქვეყნის სუვერენული ტერიტორია და უსაფრთხოების ზონა, რომელსაც ბლოკი უნდა იცავდეს.
“ფაქტობრივად, სომხეთის მონაწილეობა ОДКБ-ში გაყინულია. ჩემი შეფასებით, ОДКБ-მ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. განსაკუთრებით 2021 და 2022 წლებში. ეს ვერ დარჩებოდა შედეგის გარეშე,“ — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების შესახებაც:
“ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციის ფაზაშია. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს ცუდი. პირიქით – ვფიქრობ, ის უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ადრე იყო.“
“ზოგიერთმა რუსულმა არხმა ყველა ზღვარი გადაკვეთა”
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად ზოგიერთი რუსული ტელეარხის ანტისომხური შინაარსისა, ქვეყანა არ ისწრაფვის კონფლიქტისკენ რუსეთთან და არ სურს მათ მაუწყებლობაზე აკრძალვის დაწესება.
ამჟამად საზოგადოებრივ სამაუწყებლო მულტიპლექსში სომხეთში სამი რუსული არხი განაგრძობს მაუწყებლობას. როგორც ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, მათი ნაწილი სომხეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული გავლენის ნაწილად მიიჩნევა. საზოგადოების უკმაყოფილება პერიოდულად იზრდება მათ შინაარსზე.
“დიახ, ზოგიერთმა რუსულმა ტელეარხმა გადაკვეთა ყველა შესაძლო ზღვარი. მაგრამ მე არ მინდა, რომ სომხეთი იძულებული გახდეს მათი მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ერევანი ეცდება შეინარჩუნოს “ნორმალური, ბუნებრივი, მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთში შესაძლოა არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, სომხეთი ამ ნაბიჯამდე მიიყვანონ:
“ჩვენ არ ვეძებთ დაპირისპირებას, კონფლიქტურ ვითარებას. მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, სომხეთი აიძულონ ასეთ გადაწყვეტილებაზე წავიდეს.“
ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი პირადი ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან არის “გახსნილი, გამჭვირვალე და გულწრფელი“ — რაც, მისი თქმით, დამატებითი მიზეზია, რატომაც გაუჭირდებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
“სახელმწიფო შესაძლოა არ იყოს ელექტროსისტემების მუდმივი მმართველი”
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ელექტროსისტემის ნაციონალიზაციის პროცესი არ ნიშნავს მათ მმართველობაზე სახელმწიფოს მუდმივ კონტროლს. მისი თქმით, მთავრობას სურს მხოლოდ დროებით გადაიბაროს მართვა, შეისწავლოს ვითარება და შემდეგ მოძებნოს ეფექტიანი მოდელი.
“ჩვენი მიზანია დროებით მოვახდინოთ მმართველობის გადაბარება, პარალელურად გავარკვიოთ, რა ხდებოდა კომპანიის შიგნით. მაგრამ არ გვითქვამს, რომ ნაციონალიზაციის შემდეგ ან პროცესის მსვლელობისას მართვა აუცილებლად სახელმწიფოს ხელში დარჩება,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი განმარტებით, მთავრობის ვალდებულებაა დაიცვას სომეხი მომხმარებლების ინტერესი. როგორც მან აღნიშნა, ელექტროსისტემების მფლობელებმა საზოგადოებისა და ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები:
“როდესაც რეგიონებში ჩავდიოდი, მოქალაქეები მუდმივად ჩიოდნენ ელექტროსისტემების მუშაობაზე. კომპანიამ არ გაითვალისწინა არც საზოგადოების, არც ხელისუფლების გაფრთხილებები და ამიტომ სახელმწიფოს მართებს რეაგირება.“
პრემიერმა ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში ელექტროსისტემების ან ატომური ელექტროსადგურის მმართველობა უცხოურ კომპანიას გადაეცეს. მისი თქმით, მთავრობამ უკვე აცნობა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის.
“ეს კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეკლესია ჩემთვის წმინდა ადგილია.“
ნიკოლ ფაშინიანმა უარყო, რომ მისი ხელისუფლება აწარმოებს კამპანიას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ეკლესია მისთვის და მისი ოჯახისთვის წმინდა ადგილად რჩება და მოქმედებები, რომლებიც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, სწორედ ეკლესიის ინტერესების დაცვას ემსახურება.
“ჩვენი ნაბიჯები ეკლესიის გადასარჩენად გადაიდგმება. სხვაგვარად, შეიძლებოდა უბრალოდ უყურადღებოდ დაგვეტოვებინა ის დამანგრეველი პროცესი, რომელიც ამჟამად ეკლესიაში მიმდინარეობს,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გეგმავს კათოლიკოსის გადაყენებას, ფაშინიანმა საპასუხოდ გაიხსენა 2018 წლის მოვლენები, როდესაც მოსახლეობის მხარდაჭერით სერჟ სარგსიანი იძულებული გახდა, გადამდგარიყო:
“თუ 2018-ში თქვით: “არა სერჟს“, ახლაც იტყვით: “არ კორუფციას ეკლესიაში“. ეჩმიაძინი სომეხი ერის სულიერი და მორალური ღერძია, და თუ ამ საკითხში გაჩერდებით, ეს შეიძლება აღიქმულ იქნას, როგორც მორალზე უარის თქმა.“
ფაშინიანმა დაადანაშაულა კათოლიკოსი გარეგინ მეორე დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში და აღნიშნა, რომ მას ჰყავს შვილი. მისი თქმით, ეკლესიის წესდებით, კათოლიკოსი არის ეკლესიის მთლიანი ქონების მფლობელი, რაც მომავალში შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეს ქონება კერძო საკუთრებად იქცეს.
პრემიერმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმით, რომ შესაძლოა გარე ძალები ცდილობენ ეკლესიის გავლენის გამოყენებას “სახელმწიფო სახელმწიფოში“ შესაქმნელად. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, ხელისუფლება მკაცრად, თუმცა კანონის ფარგლებში იმოქმედებს:
“არ დავუშვებთ, რომ ვინმემ კომპრომატებით შექმნას სუსტი სახელმწიფო. ჩვენს პასუხს ექნება მკვეთრი ფორმა — მაგრამ ის ყოველთვის კანონიერ ჩარჩოში იქნება,“ — თქვა ფაშინიანმა.