სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იწყებს: პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა დაამტკიცა
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იწყებს
ორდღიანი დებატების შემდეგ, სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც მმართველ ფრაქციას, “სამოქალაქო თანხმობას“ წარმოადგენენ. ოპოზიციური ფრაქცია “ღირსება” კანონპროექტს წინააღმდეგი აღმოჩნდა (7 დეპუტატი), ხოლო “ჰაიასტანმა“ (სომხეთი) კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებთან თავისუფალ ვაჭრობას საფრთხის წინაშე აყენებს. ეს კავშირი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებს და მასში სომხეთის გარდა ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან. სომხეთის პრორუსული ოპოზიცია აცხადებს, რომ ევრაზიის ბაზრების დატოვება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, მათი შეფასებით, “ევროკავშირში სომხეთს არავინ ელოდება“.
ფრაქციამ “ღირსება” ცალკე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონპროექტი „დღევანდელი მმართველების მორიგი პოპულისტური ნაბიჯია, რომელიც მოსახლეობაში უსაფუძვლო მოლოდინებს აჩენს“.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტის ავტორები – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პროდასავლური პოლიტიკური ძალები – აცხადებენ, რომ „სომხეთს ევროკავშირში ელიან“.
რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გამოსვლასა და ეკონომიკურ სირთულეებს, ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, არტაკ ზეინალიანმა, აღნიშნა:
“ჩვენ არ გვაქვს მიზანი 185-მილიონიანი ბაზარი [ევრაზიის] 450-მილიონიანი ბაზრით [ევროკავშირის] ჩავანაცვლოთ. ჩვენი მიზანია ამ ორ ბაზარს შორის ბალანსის დაცვა“.
ხელისუფლება და ინიციატორები აღიარებენ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთი ვეღარ შეძლებს ევრაზიული კავშირის წევრად დარჩენას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას კავშირის წევრებთან საბაჟო მოსაკრებლების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ ექნება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესმა გარკვეული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ის გაჭიანურდება.
პროექტი “ევრორეფერენდუმი“ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას. ინიციატივის ჯგუფმა კანონპროექტის პარლამენტში შეტანისთვის საჭირო 50 000 ხელმოწერის ნაცვლად 60 000 ხელმოწერა შეაგროვა. 2024 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ პროექტს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ის პარლამენტში განხილვაზე გადავიდა.
“კანონპროექტის მიღება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს არ ნიშნავს“
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოგანნესიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ასახავს სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირთან და ქვეყნის მოქალაქეთა მისწრაფებებს. თუმცა, მისი მიღება თავისთავად “არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას“.
მისი თქმით, პროექტი შეესაბამება “სომხეთის მიერ წარმოებულ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას“, რომელიც ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დივერსიფიკაციას ემსახურება.
თავის გამოსვლაში ოგანნესიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება. მიღწევებს შორის მან გამოყო:
- ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება,
- “სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობა: ახალი დღის წესრიგის“ გარშემო მოლაპარაკებები,
- სომხეთისთვის დახმარების გაწევა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში,
- სამოქალაქო მეთვალყურეთა მისიის განთავსება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
“ევროკავშირი კვლავაც რჩება სომხეთის ძირითად პარტნიორად, რომელიც მხარს უჭერს ინსტიტუტების განვითარებას საერთო ღირებულებების საფუძველზე“, — განაცხადა ოგანნესიანმა.
“მიზანი არ არის ევრაზიული კავშირის განეიტრალება“
ინიციატივის “ევრორეფერენდუმი“ ჯგუფის წევრმა, არტაკ ზეინალიანმა პარლამენტარებს განუმარტა, რომ კანონპროექტი განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, მაგრამ არ ნიშნავს უშუალოდ გაწევრიანებას. ამასთან, ის არ არის მიმართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განეიტრალებისკენ და არ ეხება არც ამ გაერთიანებიდან გამოსვლას და არც კავშირის გაწყვეტას.
ზეინალიანის თქმით, სომხეთი ამჟამად საკუთარ სტანდარტებს ევროკავშირის მოთხოვნებთან აკმაყოფილებს, და დიდი ინვესტიციები ხორციელდება პროდუქციის ხარისხის შემმოწმებელ ლაბორატორიებში.
“ევრაზესის მოქმედი სტანდარტები თავად ევრაზესში არ იქმნება. ისინი ევროკავშირის სტანდარტებიდან იწარმოება, მცირდება, იკვეცება და შემდეგ ევრაზესის სტანდარტებად ყალიბდება. შესაბამისად, თუ ჩვენი სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებთან მოდის შესაბამისობაში, ევრაზესის სტანდარტებიც მათში მარტივად ინტეგრირდება.“
მისი აზრით, სომხეთმა ევრაზესში წევრობა ბუნებრივად უნდა შეწყვიტოს, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც ქვეყანა “საკმარისად მომწიფდება და მზად იქნება ევროკავშირის საბაჟო კავშირში შესასვლელად“. მან ასევე აღიარა, რომ ასეთ პროცესს შესაძლოა, “საქონლის ფასების ზრდა“ მოჰყვეს.
არტაკ ზეინალიანი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცებით დაწყებული გზა ეკონომიკური უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ის დაეხმარება:
- რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას ძალთა ბალანსის აღდგენის გზით,
- ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაფართოებას,
- სომხეთის სამხედრო ძალების ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
“პოლიტიკურ დიალოგსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შორის უთანასწორობა გაჩნდა“
“სიტუაცია ისეთია, რომ სომხეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი ბევრად უფრო წინ წავიდა, ვიდრე ეკონომიკური ურთიერთობები. პოლიტიკურ დიალოგსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შორის სერიოზული ხარვეზი გაჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს,“ — განაცხადა სომხეთის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა.
მისი თქმით, ეს არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის შემცირების ხარჯზე, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებით.
ეგოიანმა ასევე უპასუხა ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას — რა პირობებში შეიძლება სომხეთმა დატოვოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირი:
“თუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება, იმ დღეს, როდესაც ის ძალაში შევა, სომხეთი ვეღარ დარჩება ევრაზესის წევრად. თქვენ კი კითხულობთ, რა მოხდება, თუ ევრაზესს დავტოვებთ, მაგრამ ჯერ ევროკავშირში ვერ შევალთ? თუ ამ ორ ეტაპს შორის დრო გაიწელება, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება,“ — აღნიშნა მან.
“ევროპული ინტეგრაციისთვის ჯერ CEPA უნდა განხორციელდეს“
ოპოზიციური ფრაქცია “ჰაიასტანის“ დეპუტატმა, არმენ რუტამიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ჯერ კიდევ ვერ შეასრულა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) 40%. აღნიშნული შეთანხმება 2017 წელს გაფორმდა.
“რა გვიშლის ხელს, რომ გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული ქვეყანა, ვებრძოლოთ კორუფციას და უზრუნველვყოთ მოსაზრებათა პლურალიზმი ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით? დააჩქარებს კი ეს ვალდებულებები სომხეთის გაწევრიანების პროცესს ევროკავშირში? ამჟამად ჯერ კიდევ შორს ვართ ევროკავშირის სტანდარტებისგან.“
ფრაქცია “ჰაიასტანის“ ხელმძღვანელმა, სეირან ოგანიანმა აღნიშნა, რომ CEPA წარმოადგენს საუკეთესო ინსტრუმენტს არა მხოლოდ სომხეთის სამართლებრივი და პოლიტიკური დაახლოებისთვის ევროკავშირთან, არამედ სტრატეგიული და ეკონომიკური კავშირების გასავითარებლად რუსეთთან.
“ამ ეტაპზე, ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების უფრო დიდი შესაძლებლობა არ არსებობს. ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება კი ხელოვნური, არარეალისტური და გეოპოლიტიკურ რეალობებს აცდენილია,“ — განაცხადა ოგანიანმა.
მისი აზრით, მსგავსი რადიკალური ნაბიჯები სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევად შეიძლება იქცეს:
“ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირს იმდენად დავუახლოვდეთ, რამდენადაც ეს სომხეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ შექმნის.“
თუმცა, დეპუტატმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მოელის ასეთ საფრთხეს.