“ჩვენ გამოვალთ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან და ჩვენ თავად გადავწყვეტთ, როდის მოხდება ეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო ბლოკიდან (ОДКБ) გასვლის შესახებ, რომელიც მოქმედებს რუსეთის ხელმძღვანელობით.
ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ОДКБ-ს მოკავშირეების მიერ სომხეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
მანამდე პრემიერმინისტრმა უკვე განმარტა, რომ იცის „სულ მცირე ორი ქვეყანა, რომლებიც მონაწილეობდნენ სომხეთის წინააღმდეგ ომის მომზადებაში“. საუბარია 2020 წლის 44-დღიან ომზე ყარაბაღში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრი საუბრობს სომხეთის ОДКБ-დან შესაძლო გასვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას სომხეთში აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ ფაშინიანის სიტყვებმა მეტი ყურადღება მიიპყრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც კი ტელეგრამის არხებმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
ბევრს მოეჩვენა, რომ ეს იყო განცხადება ორგანიზაციის დატოვების უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამ ყველაფრის შესახებ პრემიერმინისტრმა პარლამენტში გამართულ მთავრობის ტრადიციული საათის ფარგლებში ისაუბრა. ამის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება.
„სომხეთის პრემიერმინისტრს არ უთქვამს, რომ ჩვენ ვტოვებთ ОДКБ-ს. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ამას თავად გადავწყვეტთ.” – ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“რა მოხდებოდა, ფაშინიანი რომ არ ყოფილიყო პრემიერმინისტრი? – სომხეთი იქნებოდა 100%-ით პროვინცია”
სომხეთში აპრილში დაწყებული საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნის ფონზე, ოპოზიციამ ხელისუფლებას მწვავე კითხვები დაუსვა. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატმა, თადევოს ავეტისიანმა პრემიერმინისტრს ჰკითხა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში და როგორ იცხოვრებდა სომხეთი ხელისუფლებაში რომ ფაშინიანი არ ყოფილიყო. ფაშინიანმა კი უპასუხა, რომ ყველაფერი იგივე იქნებოდა, გარდა ერთისა: „სომხეთი 100%-ით [რუსეთის] პროვინცია იქნებოდა“.
ის რამდენჯერმე მიუბრუნდა კითხვას, რატომ მიდიოდა მისი მთავრობა ანტირუსულ გზაზე. ფაშინიანმა ისაუბრა ОДКБ-ს სამხედრო ბლოკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც შეიქმნა და მოქმედებს სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ეგიდით.
ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნას, ამ შემთხვევაში რატომ არ ტოვებს სომხეთი ОДКБ-ს, ფაშინიანმა უპასუხა:
“ჩვენ გადავწყვეტთ, როდის დავტოვებთ.”
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით მოძრაობს სომხეთი, ანუ ცვლის თუ არა ვექტორს დასავლეთისკენ, პრემიერმა უპასუხა:
“ჩვენ მივდივართ რეალური სომხეთის, სომხეთის რესპუბლიკისკენ, სუვერენული, უსაფრთხო, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ, შემოსაზღვრული საზღვრებით. და ჩვენ თითქმის მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. და არ ინერვიულოთ იქ [ОДКБ-ში], ჩვენ არ დავბრუნდებით.”