სოხუმში, პარლამენტის სხდომაზე, სროლა იყო. ერთი დეპუტატი დაიჭრა, ერთი კი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მისი ერთ-ერთი კოლეგა დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. თავად ხარაზია გაიქცა და ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
სროლის მიზეზი გახდა კონფლიქტი დეპუტატებს შორის, მაინინგის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
აფხაზეთი ამჟამად მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინინგია, რის გამოც მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.
კანონპროექტის განხილვისას დეპუტატები ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჩიას მისამართით ისროლა.
კვარჩია მხრის არეში დაიჭრა, მეორე დეპუტატი ვახტანგ გოლანძია კი მძიმედ დაიჭრა უმისამართოდ გასროლილი ტყვიით, როდესაც ის დეპუტატების გაშველებას ცდილობდა. ერთი საათის შემდეგ იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ დაიწყო. გაქცეული ადგურ ხარაზიას დაჭერა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ადგურ ხარაზია
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. 2020 წელს, ყოფითი ჩხუბისას, მან ფეხში დაჭრა თავისი “მოწინააღმდეგე”. თუმცა, მაშინ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, ვინაიდან დაზარალებულმა განცხადების დაწერაზე უარი თქვა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო