მიმდინარე შემოდგომაზე სოხუმში მთავარი სანაპირო ზოლი კაპიტალური რემონტისთვის იკეტება.
ქალაქის ცენტრში უკვე გამოიფინა ბანერები, რომლებიც აჩვენებს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს საკურორტო ადგილი მომავალი ტურისტული სეზონისთვის.
მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად შეარჩიოს საბავშვო მოედნების დიზაინი, სკამების და სანათი ბოძების ფორმა, აგრეთვე ბილიკების საფარის ფერი. ამისათვის მოქალაქეები იყენებენ QR-კოდებს და ელექტრონულად აძლევენ ხმას სასურველ ვარიანტს.
რეკონსტრუქცია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება და დასრულდება 2026 წლის მაისისთვის, როცა აფხაზეთში საკურორტო სეზონი ოფიციალურად იწყება.
საინტერესოა, რომ პროექტის დაფინანსება აფხაზეთის ბიუჯეტიდან არ იგეგმება. ფინანსური ტვირთი მეგობრული მხარდაჭერის სახით აიღეს სოხუმის რუსულმა დაძმობილებულმა ქალაქებმა — მათ შორის მოსკოვმა, ყაზანმა, უფამ, ნიჟნი ნოვგოროდმა და კრასნოდარმა. ასევე მონაწილეობას იღებენ რუსეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენელი მეწარმეები.
სოხუმის სანაპირო 1940-იანი წლების ბოლოს გერმანელი სამხედრო ტყვეების მიერ აშენდა. მას შემდეგ, თეთრი კირქვით ნაგები კოლონები და პარაპეტები მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგ ნაწილში – განადგურდა.
როგორც სოხუმის მერმა, ტიმურ აგრბამ განაცხადა, სანაპიროს რეკონსტრუქციის ძირითადი კონცეფცია მოიცავს:
ისტორიული არქიტექტურული ელემენტების აღდგენას;
სერვისული ინფრასტრუქტურის განთავსებას, ისე რომ არ დაირღვეს ზღვისპირა პეიზაჟი;
დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავებას სანაპიროს ყველა ახალ ელემენტზე;
სპორტული, საბავშვო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობას;
რეკონსტრუქციის ფარგლებში სოხუმის სანაპიროზე დაგეგმილია სივრცეების მოწყობა სხვადასხვა ასაკობრივი და ინტერესთა ჯგუფისთვის:
სპორტულ-გასართობი ზონა – საბავშვო და სპორტული მოედნებით;
სანატორიულ-კურორტული სივრცეები – მშვიდი დასვენების ზონებით, მათ შორის მზის და ჰაერის აბაზანების მისაღებად განკუთვნილი ადგილებით;
კულტურულ-საგანმანათლებლო არეალები – ღია ცის ქვეშ გამოფენებით, ღონისძიებების გასამართი მოედნებითა და გასტრონომიული ობიექტებით.
მთელი პროექტი შემუშავებულია ადგილობრივ არქიტექტორებთან და სოხუმის ურბანისტულ საბჭოსთან კოორდინაციით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო