სოჭში, საზღვრის დარღვევის გამო, ასლან ბჟანიას თანაშემწე დააკავეს
3 ოქტომბერს, სოჭში, საზღვრის უხეში დარღვევის გამო, აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ახრა ავიძბა დააკავეს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც რუსეთში, საზღვარზე გააჩერეს, მან თავისი ავტომობილით საკონტროლო-გამშვები პუნქტის კარი გაანგრია და აფხაზეთის მიმართულებით გადავიდა.
ჯერჯერობით ავიძბა 10 დღით დააპატიმრეს. რუსულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მას დიპლომატიური სტატუსი აქვს.
ვინ არის ახრა ავიძბა
ახრა ავიძბა – ცნობილი აფხაზი „კანონიერი ქურდის“, ალხაზ ავიძბას ახლო ნათესავია, რომელიც 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში, რესტორანში ჩაცხრილეს.
ახრა ავიძბა აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარეს იბრძოდა და აფხაზეთში ცნობილია, როგორც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი.
ფაქტობრივად, სწორედ ახრა ავიძბა გახდა 2020 წლის იანვარში, აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლილების გენერატორი. მან ადამიანები პრეზიდენტის სასახლესთან მიიყვანა და შტურმით შეიჭრა შიგნით, რამაც, საბოლოოდ, მაშინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვია.
22 მარტს, აფხაზეთის პრეზიდენტი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია გახდა. და მისი თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ახრა ავიძბა დაინიშნა.
• აფხაზეთის პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა, შსს და საზოგადოების ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია
რუს მესაზღვრეებთან ინციდენტი 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა. ავიძას რუსეთიდან აფხაზეთში გადასვლა უნდოდა, მაგრამ გადაუხდელი კომუნალური დავალიანების, დაახლოებით მილიონი რუბლის (დაახლოებით, 13 ათასი დოლარი) გამო არ უშვებდნენ. აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწეს სოჭში უძრავი ქონება და მის სახელზე გაფორმებული ავტომობილი აქვს.
ავიძბა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში არწმუნებდა მესაზღვრეებს, რომ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, გადაჭრიდა დავალიანების პრობლემას. როდესაც აქედან არაფერი გამოვიდა, ის საკუთარი ავტომობილის, დაჯავშნული Land Cruiser-ის საჭეს მიუჯდა, კარი გაანგრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
უკვე მეორე დღეს, ახრა ავიძბამ ვალი გადაიხადა. თუმცა, მის წინააღმდეგ, უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ პირადად უშუამდგომლეს რუსულ მხარესთან, რომ ავიძბასთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ, რომელიც საკუთარი ნებით გამოცხადდა სასამართლოში.
თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ მხედველობაში არ მიიღო ავიძბას დიპლომატიური სტატუსი, რადგან, როგორც გაირკვა, ის რუსეთში დიპლომატად აკრედიტირებული არ არის.
მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია სასჯელი 200 ათასი რუბლის (დაახლოებით, 2.5 ათასი) ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.