სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამით საქართველოს 20 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა
გაზიარება
გაზიარება
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა
საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების ჩართულთა რაოდენობა 20 ათასს არ აღემატებოდა.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ქვეყანაში 1 მარტს ამოქმედდა და მის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს საჯარო უწყებაში სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მიეცათ, შესაბამისად, მთავრობის გეგმით, ამ პროგრამის მეშვეობით ათიათასობით შრომისუნარიანი და სოცდაუცველი მოქალაქის დასაქმება უნდა გამხდარიყო შესაძლებელი.
საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა 42.9 ათასზე მეტმა მოქალაქემ, საიდანაც, 18.3 ათასზე მეტი გადამისამართდა კონკრეტულ ვაკანსიაზე;
სოციალური ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 12.6 ათასამდე პროგრამის მოსარგებლესთან, მათ შორის: 922 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებშია გაფორმებული, 11.6 ათასზე მეტი ხელშეკრულება კი ადგილობრივ თვითმმართველობებში გაფორმდა.
● თბილისი – 130 ● იმერეთი – 1 948 ● კახეთი -1 852 ● ქვემო ქართლი – 441 ● შიდა ქართლი – 260 ● სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2 060 ● აჭარა – 1023 ● სამცხე-ჯავახეთი – 659 ● მცხეთა-მთიანეთი – 496 ● გურია – 1 731 ● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 030
სოციალური დასაქმების პროექტის ფარგლებში ვაკანსიებზე მოქალაქეები დასაქმდნენ სკოლის დარაჯად, მეეზოვედ, ელექტრიკოსად, რეინჯერის დამხმარედ, დამლაგებლად და სხვა პოზიციებზე.
მთავრობის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე ამ პოზიციებზე ანაზღაურება 300 ლარი, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე წლის 14 თებერვალს აცხადებდა, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით 200 ათასი ადამიანი დასაქმდებოდა.
“საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად შევიმუშავეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ასევე, ვაკანსიებს მუნიციპალიტეტები და სამინისტროები შექმნიან. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე დაიდება 50 ათასი ვაკანსია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.