"გაჩუმდით, გთხოვთ!"
თვითმფრინავის დაღუპვასთან დაკავშირებული სკანდალები რუსულ ფეისბუკში: იმსახურებდნენ თუ არა ისინი ამ სიკვდილს
რუსულ სოციალურ ქსელებში, უკვე რამდენიმე დღეა, ეთიკური ბრძოლაა გაჩაღებული, რომელმაც, მგონი, რუსეთში მცხოვრები წერის მცოდნე ყველა ადამიანი ჩაითრია. თემა შავ ზღვის თავზე თვითმფრინავ ტუ-154-ის დაღუპვაა.
დაიღუპა 92 ადამიანი – ეკიპაჟი, სამხედრო მოსამსახურეები, პირველი არხის და НТВ-ს გადამღები ჯგუფის 9 ჟურნალისტი, და ალექსანდროვის სახელობის მუსიკალური ანსამბლის 68 მუსიკოსი. ისინი სირიაში ხმეიმიმის ავიაბაზაზე მიფრინავდნენ რუსული ავიაჯგუფისთვის ახალი წლის მისალოცად. ჯერჯერობით ყველა გარდაცვლილის გვამი არ არის ნაპოვნი. ამ მომენტისთვის კატასტროფის ორი ძირითადი მიზეზი სახელდება: პილოტების შეცდომა ან საკმაოდ ძველი თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა.
სოციალურ ქსელებში საკითხი ასე დგას: თვითმფრინავში პროსახელისუფლებო არხების ჟურნალისტები და ცნობილი, ალქსანდროვის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ისხდნენ, და ყველა მათგანი ღიად უჭერდა მხარს პუტინის რეჟიმსა და მის ყველა ქმედებას. რა რექცია უნდა გვქონდეს მათ დაღუპვაზე?
ზოგს დაუფარავად ახარებს თვითმფრინავში ჟურნალისტების დაღუპვის ამბავი. სხვები კი ამ მოხარულებს უსურვებენ სიკვდილს.
როგორც “სნობი” წერს, “რუსეთის წერის მცოდნე ადამიანების ვიწრო წრემ საშინლად გამოლანძღა ერთმანეთი ყირიმისა და სირიის გამო. თითქოს, სხვა საჩხუბარი რაღა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი მიზეზიც გაჩნდა: მწუხარება და მისი არარსებობა”.
ვაქვეყნებთ ტუ-154-ის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველაზე სახასიათო აზრებს, რომლებიც “სნობმა” შეკრიბა.
არკადი ბაბჩენკო, ჟურნალისტი:
“[ისინი მიფრინავდნენ] სირიაში მფრინავების წინაშე საცეკვაოდ და სამღერად, საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, უკეთ რომ ებომბათ… მასობრივი პროპაგანდის 9 თანამშრომელი… რომლებიც სუჟეტებს თითხნიდნენ ფაშიზმზე, ხუნტაზე, ბავშვების ჯვარცმაზე, ათასობით გაყიდულ ადამიანზე – როგორც უკრაინაში, ისევე იმავე სირიაში; ჩემი მეგობრების დაპატიმრების გამმართლებლები; რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩემი მეგობარი სეგეჟის კოლონიაში არ უწამებიათ; რომლებიც ჩემი და ჩემი მეგობრების წამების მოწოდებებს ავრცელებდნენ; ჩემი ახლობელი ადამიანების ლაფში ამომთხვრელები და ხშირად მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩამგდებები; რომლებმაც ანტიმიგრანტული, ანტიქართული, ანტიუკრაინული, ანტილიბერალური, პედოფილური და სხვა კამპანიები გააჩაღეს, რამაც მშვიდობიან რუსულ ქალაქებშიც კი განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული, ათასობით თუ არა, ასობით ადამიანი იმსხვერპლა; ესენი იყვნენ ახლებური ორუელისეული სამყაროს, “გულაგებისა” და დიქტატურის პირველი მშენებლები. მათდამი არანაირი თანაგრძნობის და სიბრალურის გრძნობა არ გამაჩნია”.
ბოჟენა რინსკა, ჟურნალისტი:
“2013 წელს კინაღამ მოვკვდი. ლამის ფიზიკურად შევეწირე НТВ-სგან შევიწროვებას. ეს არხი ჩემს შესახებ სიცრუეს ავრცელებდა, იტყუებოდა, მიზანმიმართულად მივყავდი თვითმკვლელობამდე. НТВ-ს მუშაკებმა წმინდა წყლის გაყალბება ჩაიდინეს, როდესაც ექსპერტიზაზე სხვა კამერა მიიტანეს და არა ის, რომლითაც მე მიღებდნენ. სასამართლომ კი ექსპერტიზაზე უარი თქვა და ამით ჩემი უფლებები დაარღვია. იმიტომ, რომ “ენტევეელებზე” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეკავდნენ და სთხოვდნენ. მე НТВ-ს თითოეული თანამშრომელი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად მიმაჩნია, რომლებიც მიზანმიმართულად დევნიან დისიდენტებს. და ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ დამნაშავეებს, რომლებსაც სამართლით ვერაფერს დააკლებ, თავად ზეციური ძალა უსწორდება. ჯანდაბაში წასულა ყველა პროპაგანდისტი. ამინ”.
არინა ხოლინა, პუბლიცისტი:
“მე ვცდილობ კოლეგები არ გავლანძღო. გასაგებია, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნები, მაგრამ ვუძლებ. აი, ბოჟენა რინსკამ დაწერა, რომ ძალიან უხარია НТВ-ს ჟურნალისტების სიკვდილი, რომლებიც ტუ-154-ის ჩამოვარდნის დროს დაიღუპნენ. ბოჟენა ოდნავ ემდურის კიდეც უფალ ღმერთს, რომ მთელი თვითმფრინავი НТВ-ს ჟურნალისტებით არ იყო სავსე. კოლეგებო, არის საკითხები, რაც “განსხვავებულ აზრად” შეიძლება შევაფასოთ, მაგრამ ეს უკვე აზრი აღარ არის. ეს არის არნახული სისასტიკე, ნამდვილი სოციოპათია, ზნეობრივი ორიენტირების სრული უქონლობა. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანთან ერთად მუშაობა სირცხვილია. ყველას ძალიან ვუთანაგრძნობ, ვინც ამ საშინელი ტრაგედიის დროს ახლობლები დაკარგა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მტერია და ვინ მოყვარე, ან ვინ ვის მხარესაა. ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს, მეგობრებს, კოლეგებს. RIP და მოდით აწი ისეთ სამყაროში ვცადოთ ცხოვრება, სადაც სხვისი ტრაგედიით არავინ გაიხარებს”.
ვიტალი მილონოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი:
“ბაბჩენკოს და კურიცინას (ბოჟენას) რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვათ, ქვეყნიდან განიდევნონ, მათი ქონება კი აუქციონზე უნდა გაიყიდოს ექმი ლიზას ფონდის სასარგებლოდ, დონეცკის სახალხო რეპუბლიკის ბავშვების დასახმარებლად”.
ანდრეი ლოშაკი, ჟურნალისტი:
“ალექსანდროვის სახელობის ანსამბლი, ექიმი ლიზა, ელჩი ანკარაში, ასევე ის 217 ადამიანი, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინათ ეგვიპტიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდნენ, ცოცხლები იქნებოდნენ, პრეზიდენტ პუტინს თავისი უშუალო ბრძანებით ჩვენი ჯარი სირიაში რომ არ გაეგზავნა. რამდენი სირიელი ბავშვი და ქალი დაიღუპა რუსული ბომბებისგან ალეპოში, ამის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ აქ ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია… უცნაურია, რომ გასულ წელს პუტინს არავინ ჰკითხა, რისთვის, რომელი ამაღლებული იდეის გულისთვის დაიღუპა 25 რუსი ბავშვი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიერ აფეთქებულ, ეგვიპტიდან მომავალ იმ თვითმფრინავში იჯდა? ჩეჩნურ ტერაქტებს მოსკოვში კიდევ რაღაცნაირად ამართლებდნენ “რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის” გამართული ომით. უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებულ “ჰიბრიდულ” ომს ახლო მეზობლობით და “რუსული სამყაროთი” ხსნიან (თუმცა, ეს ნაკლებად სანუგეშოა მალაიზიური “ბოინგის” მგზავრთა ნათესავებისთვის, რომელიც რუსულმა რაკეტამ ააფეთქა. მაგრამ რისთვის ამოყო მორიგად თავი ჩვენმა ჯარმა ამ ახლოაღმოსავლურ ხორცსაკეპში, ამას ქვეყანაში ზუსტად ვერავინ ხვდება.
ჰკითხეთ ქუჩაში ნებისმიერს; ვერ გიპასუხებენ, შემოწმებული მაქვს.
ისლამურ სახელწიფოსთან გამართული ომის ზღაპრის აღარავის სჯერა… უფრო ამერიკასთან გაჩაღებული ტაქტიკური ომის სწამთ: ანუ, აი დაანხეს იმ ქალაჩუნებს, – კუნთები ჩვენც რომ გვაქვს. ეს ერთმა მიჩურინსკელმა კაცმა ამიხსნა. და, სხვათა შორის, არანაირად არ იყო აღშფოთებული. უკვე ასობით ადამიანი შეეწირა იმ ომს, რომელსაც ქვეყანა მართავს – და სად ან რატომ – კაციშვილს წარმოდგენაც კი არ აქვს. ტვინი სრულიად გამოლეული უნდა გქონდეს, რომ იმის შემდეგ, რაც ავღანეთის შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ, ისევ სხვის ისტორიაში აფათურო ხელები”.
ზოია სვეტოვა, ჟურნალისტი, უფლებადამცველი:
“ვისაც არ ესმის, მათთვის ვიტყვი: ჩემი აზრით, პუტინიზმი უკვე ძვალ-რბილში გაგვიჯდა. პუტინიზმი – ესაა… მორალური დეგრადაცია, გახრწნა. ნორმალურია, როდესაც ჰაერში დაუცველი ადამიანების დაღუპვას უთანაგრძნობ, ვინც გინდა იყვნენ… რისთვისაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი იქ, მთავარია, რომ შეუიარაღებლები იყვნენ. ბაბჩენკო მათ რუსი ჯარისკაცების დამქაშებს ეძახის. ვფიქრობ, ეს უკვე ბოროტს და კეთილს მიღმაა. ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა დაგამწუხროს ჰაერში ადამიანების დაღუპვამ – დაუცველი ადამიანების, რომლებიც ბედის სიმუხთლემ შობა დღეს იმსხვერპლა; და ბოჟენა რინსკა, რომელიც ასეთი სისასტიკით წერს НТВ-ს ჟურნალისტების დაღუპვაზე, იმის გამო, რომ ისინი ოდესღაც მას სდევნიდნენ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავი საბავშვო ბაღში მგონია”.
ვიქტორ შენდეროვიჩი, მწერალი:
“ვთხოვ ყველას, ვინც თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის დაღუპვას სიხარულით ხვდება ან ჭკუის დამრიგებლური მსჯელობა სურს იმაზე, თითქოს დაღუპულებმა პუტინის დანაშაულებისთვის აგეს პასუხი, ან რომ ეს ღმერთის ნება იყო, ანდა სხვა საძაგლობებზე – თავადვე გაუჩინარდნენ ჩემი გვერდიდან”.
ევგენი ლევკოვიჩი, ჟურნალისტი:
“არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს გვერდზე ისეთი რაოდენობის ბოროტი ქილიკი დამხვდა, ზოგან კი გულწრფელი სიხარულიც, აუცილებლად უნდა გამოვხატო უღრმესი, პათოსისთვის მომიტევეთ, მწუხარება და თანაგრძნობა გარდაცვლილთა ახლობლების, ნათესავების და ნაცნობების მიმართ. ჩვენი ზნეობრივი კატასტროფის შედეგები თქვენს ავიაკატასტროფაზე ნაკლებად საშინელი არ არის”.
ალექსანდრ ტვერსკოი, ჟურნალისტი:
“იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც სტალინს ძეგლებს უდგამენ, ხოლო “გულაგის” თანამშრომლებს – მემორიალურ დაფებს, უფლება არ აქვთ ადამიანობაზე ილაპარაკონ. იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ადამიანებს გამოქვეყნებული პოსტების, “ლაიკების” და ქუჩაში გაკრული პლაკატებისთვის იჭერენ, უფლება არ აქვთ, სხვებს არაჰუმანურობის გამო უსაყვედურონ. იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც სირიის ქალაქებს ბომბავს, და ამას “წვრთნას” ეძახის, უფლება არ აქვთ თანაგრძნობისკენ მოუწოდონ ვინმეს”.
სერგეი პონომორიოვი, ფოტოგრაფი:
“ჩვენი საზოგადოება ავადაა, და გაუგებარია, რამ შეიძლება განკურნოს. როგორ შეიძლება თანამემამულეების დაღუპვა გაგიხარდეს – განურჩევლად იმისა, საწამლავით მოკვდნენ, ზურში ესროლეს, თუ თვითმფრინავში აფეთქდნენ?”
გამოქვეყნდა 29.12.2016