"გეგმა უცვლელია - ხმამაღალი და მასშტაბური პროტესტი" - შემდეგი აქცია შაბათს გაიმართება
როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, მთავარი მოთხოვნა – განმეორებითი არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის შეცვლის პირობებში – არ შეიცვლება და სანამ ის არ დაკმაყოფილდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც.
შემდეგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაანონსდა.
● მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
● აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მდგომარეობიდან გამოსვლის გასაღები ახლა ხელისუფლების ხელშია.
“გეგმა უცვლელია – ხმამაღალი და მასშტაბური პროტესტი, რადგან ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საზოგადოებას. მდგომარეობიდან გამოსვლის გასაღები ახლა ხელისუფლების ხელშია” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია დიალოგის მომხრეა, ოღონდ, მხოლოდ იმ საკითზე, რამაც შექმნა კრიზისი, ანუ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე.
“მთავარი საკითხებია – სამარცხვინო პროცესის შედეგად მიღებული შედეგების გაუქმება, ცესკოს თავმჯდომარის როლი ამ ყველაფერში, პოლიტპატიმრების საკითხი”, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება ხელისუფლებას: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ეუთო/ოდირის მისიას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიასთან გააკეთეს კომენტარები.
● გახარია: პარტნიორების დახმარებით, პროცესი სამართლებრივ პლატფორმებზე უნდა გადავიტანოთ
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს არჩევნების შედეგებს და ყოველდღიურად იღებენ მილოცვებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, ეს არის რამდენიმე კონკრეტული, დამარცხებული ოპოზიციური პარტია. თუმცა ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინი და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოოდ ისინიც აღიარებენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს”, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად , “ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა”.
„დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ – „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ – პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოაქვეყნა”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ათობით ადამიანი დაშავდა 8 ნოემბერს ღამე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცესკოსთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია.
მომიტინგეებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2. გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
მომიტინგეები და ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ პარლამენტიდან დაიძრნენ.
ცესკოს შენობამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მომიტინგე იყო მისული, სპეცრაზმმა მათი დაშლა რომ დაიწყო.
ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, აღნიშნავენ, რომ მიტინგის დაშლა და წყლის ჭავლის გამოყენება სამართალდამცავებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად დაიწყეს.