კომენტარი: ოცნებაში დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს ფულია გამქრალი
შავი ფული ოცნებაში
ყველაფერი აჩვენებს, რომ კორუფციული კუთხით მოძრაობები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს, რათა მისი დადანაშაულება არგუმენტირებულად მოხდეს. ოცნებაში დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს ფულია გამქრალი – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯალავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

ლელა ჯეჯელავა: “ქართული ოცნების“ ტრაგიკომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამდენი ხნის დაგვიანებით გადაწყვიტა, რომ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადოს. რასაკვირველია, ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის – ეს არის მაფიოზური სინდიკატურ დაჯგუფებაში, რასაც “ქართული ოცნება“ ჰქვია, ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილებისთვის და ფინანსური გავლენებისთვის ბრძოლა.
როგორც არ უნდა შეფუთოს ეს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ, ამას კორუფციასთან ბრძოლას ვერაფრით დაარქმევს. როდესაც თავის დროზე მედიის წარმომადგენლები სვამდნენ კითხვებს თავდაცვის სამინისტროსა თუ ეკონომიკის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე, ამასთან დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ, ირაკლი კობახიძე ამ ყველაფერს ურცხვად უარყოფდა, მედიის ფანტაზიად და წინასწარგანზრახულ აკვიატებად ხატავდა. ყველა, ვინც “ქართული ოცნების“ წიაღში კორუფციის არსებობის შესახებ იწყებდა საუბარს, “ნაციონალურ მოძრაობად“ ან “ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტად იყო გამოცხადებული.
ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ჯერზე პრემიერობიდან მისი კორუფციასთან აფილირების გამო გაუშვეს. შემდეგი პრემიერი და ვიცე-პრემიერის შესახებ თვითონ “ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა ბრალდება, რომ მათაც კორუფციასთან ჰქონდათ გარკვეული შეხება. კაცმა არ იცის ის 700 მილიონი გაიფლანგა თუ არა გაიფლანგა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომლის გამოყენებით არასასურველ ადამიანებს გუნდიდან იშორებენ.
გიორგი გახარიას პირდაპირ სახელმწიფოს ღალატსა და იმაში დასდეს ბრალი, რომ “დიფ სტეიტის“ აგენტია და პრემიერის პოსტზე მისი ძალდატანებით დაინიშნა. ამის შემდეგ პრემიერის თანამდებობაზე ისევ კორუმპირებული ღარიბაშვილი გვყავდა.
ვსვამ კითხვას – 13 წლის განმავლობაში თვითონ გუნდი ოთხი პრემიერ მინისტრის კორუფციასა და არაკეთილსინდისიერებაზე რომ საუბრობს და ამბობს, რომ მათი ოთხი პრემიერი კორუმპირებული და “დიპ სტეიტის“ აგენტი იყო, რა სინდისით აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში მეოთხე ვადით ყოფნაზე?!
ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლობელი არის მისი რამდენიმე მილიარდი და შემდეგ ოჯახის წევრები. ყველა დანარჩენი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ერთ დროს მის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ, არის საშუალება მისთვის ძვირფასი მილიარდების შესანარჩუნებლად. ჩვენ ისიც ვნახეთ, როცა პრემიერს ძალიან უხერხულ დავალებას აძლევდნენ, როცა ის ბავშვების დასჯაში მონაწილეობდა. შემდეგ მასზე ივანიშვილი ამბობდა, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ჩემთვის სულ ერთი არისო. ასეთია ივანიშვილის დამოკიდებულება საკუთარი გარემოცვის მიმართ – მისთვის ყველაფერი არის საშუალება და არც ერთი მათგანი ღირებულებას არ წარმოადგენს. ცნობილი ფაქტია, რომ მან ოჯახის წევრები დასაჯა და სისხლის სამართლის წესით გაასამართლა. ირაკლი ღარიბაშვილი რა პრობლემაა?!
“ქართულ ოცნებაში“ დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს შავი ფულია გამქრალი. გარდა ამისა, საქართველო აქტიურად იყო ჩართული გარკვეულ ეკონომიკურ პროცესებში, რაც რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლას გულისხმობდა. ეს რუსეთთან “დალაგების“ გარეშე ვერ მოხდებოდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი საკუთარი ოლიგარქებისგან ფულს გააფთრებით ითხოვს, რადგან რუსეთის ბიუჯეტი პირველად არის დეფიციტური. ფული ბიძინა ივანიშვილსაც აქვს მისატანი, რადგან ე.წ. ძელკები ერთობლივად კეთდებოდა – იყო ეს საქართველოს გავლით სანქცირებული ნავთობის თუ სხვა საქონლის გატარება.
აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების გამო დაასანქცირა, “MEGOBARI აქტი“ დამოკლეს მახვილივით კიდია. მეჩვენება, რომ ამით აშშ-საც აჩვენებენ, რომ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა ჩვენ სამართლებრივად ვსჯით, რათა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.
“ქართულ ოცნებას“ აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციის თარიღი საკრალურ თარიღად ჰქონდა გამოცხადებული. მთელი იმედები მყარდებოდა. აშშ-ს ძალიან მკაფიო გზავნილი აქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. საიდუმლო არ არის, რას გულისხმობს ეს გზავნილები: – ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არ არსებობა და ახალი სამართლიანი არჩევნები ჩატარება, რაც “ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გასაკეთებელია. იციან, რომ ამის გაკეთება მოუწევთ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება დროში გაიხანგრძლივონ და ახალი არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.“