საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით “წინააღმდეგობების გზა” აირჩია. მისივე განმარტებით, ქვეყნების ურთიერთობა “კაპრიზზე” არ ეწყობა.
“ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე და ეს არ ის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას და განსაკუთრებით, ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული წინააღმდეგობის იმ მხრივ, როდესაც ერთ ადამიანზე ჰკიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა, არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას.
ვთქვი გუშინაც, რომ გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის გადაწყვეტილება და უკრაინას, რომელსაც დღეს ომი აქვს მოსაგები, მათ შორის სამართლებრივი ომი აქვს მოსაგები, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას და ეს საზიანოა მათთვის“, – აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოსთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლება “არასწორად იქცევა”. მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, რომ “მიუხედავად იმისა რომ ის არის დამნაშავე”, მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა:
უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. […] ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი…“
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანა მოითხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ყველაფერმა “დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა მკვეთრი, მაგრამ “სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და, სამინისტროს შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.
3 ივლისს სააკაშვილმა ვიდეო ბმულით მიიღო მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს განიხილავენ. სასამართლო დარბაზიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თუ რამდენად დაიკლო წონაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია.