"სექსის სამინისტრო“ და პოლიტიკის ენა: როგორ გადაიქცა სარგის კარაპეტიანის პოდკასტი სომხეთში გენდერულ სკანდალად
წინადადება სომხეთში სექსის სამინისტროს შექმნის შესახებ
სომხეთში ახალი პოლიტიკური მოთამაშის, “ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებლის შვილის, სარგის კარაპეტიანის ერთმა ფრაზამ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია.
პოდკასტში ნათქვამმა სიტყვებმა “ძლიერ სომხეთში არ იქნებიან უკმაყოფილო ქალები“ და “სექსის სამინისტროს“ იდეამ დებატები გადააქცია არა მხოლოდ გენდერული უფლებების, არამედ პოლიტიკური ენის პასუხისმგებლობის საკითხად.
კრიტიკოსების აზრით, საქმე გვაქვს ქალების სტერეოტიპიზაციასთან და დისკრიმინაციულ ნარატივთან, ხოლო თავად კარაპეტიანი აცხადებს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს და მიზანი დემოგრაფიული პრობლემების განხილვა იყო.
რა თქვა სარგის კარაპეტიანმა
სარგის კარაპეტიანი რამდენიმე თვეა მეგობართან ერთად პოდკასტს უძღვება, სადაც სომხეთის სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავს. ერთ-ერთ ეპიზოდში საუბარი ქვეყნის დემოგრაფიულ კრიზისს შეეხო. ამ კონტექსტში კარაპეტიანმა თქვა:
“ძლიერ სომხეთში არ იქნებიან უკმაყოფილო ქალები“.
შემდეგ პოდკასტის მონაწილეებმა ირონიულ-პროვოკაციულ ფორმაში იმსჯელეს “სექსის სამინისტროს“ შექმნაზე, როგორც დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზაზე. კარაპეტიანმა დაამატა, რომ მისი ცოდნით, “დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება სექსის გარეშე შეუძლებელია“.
“ძლიერ სომხეთზე“ საუბრისას ის გულისხმობდა პარტიას, რომელიც მისმა ოჯახმა დააფუძნა და რომელიც 2026 წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
რეაქცია: უფლებადამცველებიდან სამართალდამცავებამდე
კარაპეტიანის განცხადებას მკვეთრი პასუხი მოჰყვა ქალთა უფლებების დამცველებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მხრიდან. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კოალიციამ აღნიშნა, რომ:
“ქალების ექსპლუატაცია არ შეიძლება პოლიტიკური სარგებლისთვის. ქალები და დაუცველი ჯგუფები არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.
ერთმა სომხეთის მოქალაქემ სამართალდამცავ ორგანოებსაც კი მიმართა. მისი შეფასებით, პოდკასტის მონაწილეები ქალებს სექსუალურ ობიექტებად წარმოაჩენენ და ეს არღვევს გენდერული თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, ქმნის დამამცირებელ და შეუწყნარებელ ატმოსფეროს.
საჩივარში ხაზგასმულია, რომ მსგავსი რიტორიკა “საზოგადოებრივად საშიშია“ და ხელს უწყობს ქალების მიმართ დისკრიმინაციის ნორმალიზებას.
კარაპეტიანის პასუხი: ბოდიშის გარეშე
სკანდალის შემდეგ სარგის კარაპეტიანმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა:
“ვაღიარებ, რომ ჩემი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმულირება ბევრისთვის სამწუხარო აღმოჩნდა“.
თუმცა მან ბოდიში არ მოიხადა. კარაპეტიანის თქმით, მისი პოდკასტები ტაბუდადებულ თემებს ეხება და კითხვა ასე დასვა:
“თქვენ გაღიზიანებთ ჩემი ფორმულირება თუ ის ფაქტი, რომ ეს საკითხები წამოვწიე?“
მისი არგუმენტით, სომხეთი ვერ იქნება ძლიერი, თუ საზოგადოება “ფიზიკურად, გონებრივად და მორალურად ჯანმრთელი“ არ არის.
პოლიტიკური კლასის მკვეთრი პასუხი
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები არა მხოლოდ კრიტიკულად, არამედ პირადულადაც შეაფასეს.
ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ენა პოლიტიკოსისთვის მიუღებელია. პარლამენტარმა ვაჰაგნ ალექსანიანმა კი კარაპეტიანს მიმართა, რომ სომხეთში ქალები “პატივისცემისა და აღტაცების ობიექტები არიან და არა თვითდადასტურების საშუალება“.
ფრაქცია “სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა წოვინარ ვარდანიანმა განაცხადა:
“სანამ ქვეყნის მართვის ამბიციებს გამოაცხადებდით, საკუთარი შვილი უნდა გაგეზარდათ. სახელმწიფო ოჯახიდან იწყება“.
ექსპერტების შეფასება: პროვოკაცია და არა დისკუსია
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კოალიციის შეფასებით, კარაპეტიანის განცხადებები ქალთა მიმართ დისკრიმინაციის პროპაგანდაა. მათი თქმით, ნებისმიერი კამპანია, რომელიც სიძულვილსა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფაზეა აგებული, მიუღებელია.
უფლებადამცველი ზარუჰი ჰოვჰანსიანი კი პრობლემას უფრო ფართოდ ხედავს. მისი აზრით, პოდკასტში გაჟღერებული ნარატივები არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც სტიგმატიზებს:
„მათი სიტყვებით გამოდის, თითქოს მამაკაცები არიან დამნაშავენი ქალების დაუკმაყოფილებლობაში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქალებს სტიგმატიზებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ორივე სქესი აღმოჩნდა ამ ნარატივის მსხვერპლი“.
ჰოვჰანსიანის თქმით, ასეთი განცხადებების მიზანი უფრო აჟიოტაჟისა და ემოციური რეაქციის გამოწვევაა, ვიდრე რეალური, სიღრმისეული დისკუსია დემოგრაფიულ პრობლემებზე.
კონტექსტი: ვინ არიან კარაპეტიანები და რატომ აქვს სკანდალს პოლიტიკური მნიშვნელობა
სარგის კარაპეტიანი რუსეთში მოღვაწე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის შვილია. სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს ხელისუფლების გადატრიალებისკენ წაქეზების ბრალდებით, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ძალები ჩაერეოდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაში.
დაკავების შემდეგ მისი მხარდამჭერებმა შექმნეს მოძრაობა “ჩვენი გზით“, ხოლო ოჯახმა დაარეგისტრირა პარტია “ძლიერი სომხეთი“, რომელიც 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ამ ფონზე სარგის კარაპეტიანის განცხადებები მხოლოდ მორალურ ან გენდერულ სკანდალად აღარ აღიქმება. ისინი ხდება ტესტი იმისა, როგორი პოლიტიკური კულტურით და რიტორიკით ცდილობს ახალი ძალა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას.
სომხეთში მიმდინარე დებატი აჩვენებს, რომ დემოგრაფიული კრიზისის განხილვა პოლიტიკაში შეუძლებელია ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და პასუხისმგებლიანი ენის გარეშე – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უკვე არა პოდკასტს, არამედ მომავალი არჩევნების კონტექსტში ფორმირებულ პოლიტიკურ პროექტს ეხება.