მოსკოვის ახალმა რეგულაციებმა აფხაზეთში საწვავის მწვავე კრიზისი შექმნა. ასობით ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს
საწვავის კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ბენზინგასამართი სადგურის „ელკას“ დირექტორი რუსლან კოკოსკერია თავის ბენზინგასამართ სადგურთან იმისთვის მივიდა, რომ ჟურნალისტებს შეხვდეს. სხვა აქ აღარაფერი ესაქმება. სადგური დაკეტილია, ბენზინი არ არის.
მარტო რუსლანთან კი არა, საერთოდ მთელ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია. ასეტ შედეგამდე ეს აფხაზეთი რუსეთის მიერ შემოღებულმა საწვავის გაყიდვაზე მონოპოლიამ მიიყვანა.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო კომპანია როსნეფტს მიანიჭა მონოპოლია აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზ მეწარმეებს არ შეუძლიათ საწვავის შეძენა სხვა მომწოდებლებისგან და მისი შემოტანა რესპუბლიკაში. მეტიც, უკვე შეძენილი საქონლის შემოტანაც ფერხდება.
ავტოგასამართი სადგური “ელკა” რამდენიმე ორგანიზაციასთან მუშაობს წინასწარ გადახდაზე. ახლა ისინი კორპორაციულ კლიენტებს – ენერგეტიკული კომპანიის “ჩერნომორენერგოს” ფილიალსა და ადგილობრივ საავადმყოფოს წინასწარ გადახდილ დიზელის საწვავს უვსებენ. თუმცა, საწვავის ახალი პარტია – უკვე შეძენილი – რუსეთში ნავთობის საცავშია და მისი არც დაბრუნება შეიძლება და არც ჩამოტანა არ შეიძლება.
ელკას მსგავსად, 2023 წლის 25 დეკემბრიდან აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა ბენზინისა და დიზელის საწვავის მარაგის ამოწურვის გამო.
ზოგიერთი, რუსლან კოკოსკორიას მსგავსად, განაგრძობს კორპორაციული კლიენტებისთვის წინასწარ გადახდილი საწვავის შევსებას, მაგრამ თანამშრომლების უმეტესობა ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.
24 იანვარს სოხუმში ბენზინგასამართი სადგურების მენეჯერებმა აქცია გაიმართეს, რომელსაც სამასამდე ადამიანი ესწრებოდა. მათ უნდა აეხსნათ როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რატომ დაიხურა ბენზინგასამართი სადგურები და რა შედეგს მოუტანს ეს ბიზნესს და მოსახლეობას.
„ისინი გვაიძულებენ გვყავდეს საწვავის ერთი მიმწოდებელი, ცდილობენ დაგვარწმუნონ “როსნეფტთან” ხელშეკრულების დადების აუცილებლობაში. ჯერ ერთი, ჩვენ კი არა, “როსნეფტთან” ხელშეკრულების დადებას სამი თვეა ცდილობს სახელმწიფო კომპანია „აფხაზტოპი”, მაგრამ არ გამოსდის, იმდენად რთული პროცედურაა ეს. და მეორეც, ერთი მიმწოდებელი ნიშნავს ბაზრის მონოპოლიზაციას“, – ამბობს საწვავის კომპანიის დირექტორი ედუარდ არგუნი.
რუსეთის მიერ შემოღებული შეზღუდვის შესახებ აფხაზეთის ხელისუფლებამ იმ მეწარმეებისგან შეიტყო, რომლებსაც იმპორტის პრობლემა შეექმნათ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საზღვარზე მხოლოდ უკვე დეკლარირებული საწვავი დაიშვება და ისიც მხოლოდ რკინიგზით შემოტანილი.
რა ბედი ეწევა ბენზინს, რომელშიც ფული უკვე გადახდილია, მაგრამ განუბაჟებელია და შეძლებენ თუ არა საწვავის კომპანიები თავიანთ მომწოდებლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას? – ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ მათ შორის არც აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„გვითხრეს, რომ დაელოდებიან ინფორმაციას რუსული მხრიდან. ასევე გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული წინადადებები “როსნეფტისგან” და განვიხილოთ მასთან ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა“, – განაცხადა Azid-ის გენერალურმა დირექტორმა ადამირ გაბუნიამ.
„აზიდი“ ერთადერთი მსხვილი ეროვნული საწვავის საწარმოა აფხაზეთში (ანუ მას არ გააჩნია უცხოური კაპიტალი) და ერთ-ერთია აფხაზეთის ხუთ მთავარ გადამხდელთა შორის.
ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლების აქცია სამთავრობო შენობების კომპლექსისკენ მსვლელობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელთან მივიდნენ. ერთი საათის შემდეგ მათთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუხ ნანბა მივიდა და განაცხადა, რომ საკითხი მოსკოვში „მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად“ გადაწყდება. მაგრამ ამ ეტაპზე, მინისტრის თქმით, არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
25 იანვარს აფხაზეთში, ახალი წესის თანახმად, დეკლარირებული საწვავი რკინიგზით შემოუშვეს. თუმცა, როგორც კომპანია Azid-ის მენეჯმენტი აცხადებს, ეს მოცულობა მათი ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით 10 დღის ფუნქციონირებისთვის იქნება საკმარისი. შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგურები ისევ უნდა დაიხუროს.
ბენზინგასამართი კომპანიები თანამშრომლების შემცირებას გეგმავენ. მათ შორის არიან ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი დედები და სოფლის მაცხოვრებლები, რომლებსაც უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
თუკი ისეთი მსხვილი კომპანია, როგორც “აზიდია” ასე თუ ისე ახერხებს ბენზინგასამართი სადგურების გახსნას, მცირე ბინზინგასამართი სადგურების წარმომადგენლებს ეს შესაძლებლობა არ აქვთ.
ბევრი მათგანი ბიზნესს გზატკეცილზე ბენზინის ქილებით გაყიდვით იწყებდა და ასე წვალებით ააწყვეს თავიანთი საქმე. ახლა ისინი გაკოტრების პირას არიან.
„დავიწყე ასი დოლარით, რომელიც ვისესხე და შემდეგ 27 წელი დავხარჯე ჩემი ბიზნესის მშენებლობაში. დღეს რა გავაკეთო, არ ვიცი“, – გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ბენზინგასამართ სადგურ „ელკას“ დირექტორი რუსლან კოკოსკერია.
სხვა საკითხებთან ერთად, ბენზინგასამართი სადგურების თითქმის ერთთვიანი გაჩერება ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ისედაც მწირ ბიუჯეტს დიდი რაოდენობით გადასახადები დააკლდება.
ანუ გამოდის, რომ რუსეთმა ერთი დადგენილებით დაარღვია აფხაზეთის საწვავის მიწოდების მთელი სისტემა, რაც ასევე შეეხო დასაქმების ბაზარს და ბიუჯეტის ფორმირების სფეროსაც.
აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ თუ საწვავის მიწოდების საკითხი არ მოგვარდება, პრობლემა პოლიტიკური გახდეს. აფხაზეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკს კიდევ რამდენიმე ასეული ძალიან უკმაყოფილო ადამიანი შეუერთდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო