Media Defence-მა სტრასბურგში რუსულ კანონზე მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გაზიარება
გაზიარება
სარჩელი სტრასბურგში
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
Media Defence-ის პოზიციის მიხედვით, “რუსული კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვები ხელს უშლის მედიებისა და ჟურნალისტების საჯარო დებატებში ჩართვას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გაგრძელებას, იწვევს მათ სტიგმატიზებას და აქვს მსუსხავი ეფექტი.
Media Defence-ის შეფასებით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული”. – წერია საია-ს განცხადებაში.
საია-ს ცნობით, Media Defence-ის შეფასებით, რუსული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ასპექტი ასევე, თითქმის დარწმუნებით ნიშნავს ჟურნალისტურ წყაროებთან ურთიერთობის წესის ცვლილებას. კანონმდებლობის შეუსრულებლობისთვის სანქციების დაწესების რისკის გამო, სარედაქციო ავტონომია ირღვევა.
22 ოქტომბერს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
საიას ცნობით, ვენეციის კომისიამ უკვე შეაფასა გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონსა და მის ეფექტებს განიხილავს ფარასთან და გრანტების კანონებთან ერთად, ვინაიდან, დადგენილი რეგულაციები ერთმანეთს ემატება, აწესებს გადაჭარბებულ ვალდებულებებს და მძიმე სანქციებს.