ინტერპოლის გაუქმებული ორდერის მიუხედავად, საქართველოში რუსეთის მოთხოვნით ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი დააკავეს
საქართველოში, რუსეთის მოთხოვნით, დააკავეს ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ტიმოფეევი და მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა მის მიმართ გამოცემული ძებნის წითელი ცირკულარი ჯერ კიდევ გასულ წელს გააუქმა. ტელეარხ “დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავება ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ კრემლის კრიტიკოსი რუსეთში ექსტრადიციის წინაშე აღმოჩნდეს.
გამოცემის ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობის სამთვიან ვადაში მოსკოვს ეძლევა შესაძლებლობა, ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
“დოჟდი“ წერს, რომ ინტერპოლის მიერ გაუქმებული ორდერის მიუხედავად, რუსეთში გადაცემის რისკი მაინც რჩება. საქმე ეფუძნება ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილს, მაშინ როდესაც ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ ტიმოფეევის მიმართ ძებნის წითელი ცირკულარი ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გააუქმა.
ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი საქართველოში 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის მოტივით. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
დაცვის მხარის განცხადებით, ტიმოფეევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას. ადვოკატების თქმით, სათანადო დახმარების არქონის პირობებში მისი სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია.
ამასთან, იურისტები დაკავების პროცესში სერიოზულ სამართლებრივ დარღვევებზე მიუთითებენ. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად დაეყრდნო მოსკოვიდან მიღებულ წერილს, მაშინ როდესაც ინტერპოლის ოფიციალური მექანიზმი ტიმოფეევის საქმეზე აღარ მოქმედებს.
საქმე კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს, თუ რამდენად დაცულია საქართველოში პოლიტიკური დევნისგან გაქცეული პირების უფლებები და რამდენად ბალანსდება ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან.