საწვავის ფასი საქართველოში მორიგ ანტირეკორდს ხსნის, სხვადასხვა სახეობის საწვავის ღირებულება უკვე ოთხ ლარს უახლოვდება.
საწვავის საერთაშორისო ფასი ბოლო რამდენიმე თვეა იზრდება, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ფასების მატება უფრო მკვეთრი გახდა. 24 თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში პრემიუმ მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი 60 თეთრით გაძვირდა. ყველაზე მეტად ფასი დიზელის საწვავზეა მომატებული – ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი “Business Media Georgia”-სთან აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ორი ფაქტორით არის გამოწვეული: საწვავის საერთაშორისო ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
“ბენზინზე საერთაშორისო ფასი გაზრდილია 20 პროცენტით, ხოლო დიზელზე 42 პროცენტით. ამის პარალელურად, ომის დაწყებიდან ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 20-25 პუნქტით არის გაუფასურებული, რაც დამატებითი ფაქტორია. მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია. იმ ვითარებაში ვართ, როცა არანაირი პროგნოზისა და გათვლის გაკეთება არ შეიძლება”- აცხადებს მთვრალაშვილი.
ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მათ დღეს რეალური გათვლების გაკეთება უჭირთ.
“სენტა პეტროლიუმის” ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე BMG-სთან აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა კერძო სექტორისთვის დამატებით რისკებსაც აჩენს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება რომ რუსულმა კომპანიებმა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე საწვავი შემოაქვთ, ბაზარს შედარებით დაბალი ფასები შესთავაზონ, რისთვისაც კონკურენციის გაწევა ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს გაუჭირდებათ.