საქართველოში მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა
ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილიდან საქართველოში მუშაობა განაახლა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 573 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი რიგი შეზღუდვებით იმოქმედებს.
ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და თბილისის მეტროში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება.
პირბადის ტარებას მეტროში პოლიცია გააკონტროლებს, ხოლო ავტობუსში მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორი. გაჩერებებზე კი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც შეამოწმებენ, რომ მგზავრი ავტობუსში პირბადით ავიდეს.
ადამიანები, რომლებსაც პირბადე არ ეკეთებათ, ვერ ავლენ ვერც მარშრუტკებში. ამას მიკროავტობუსის მძღოლები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივად გააკონტროლებენ.
ავტობუსებში უქმდება მძღოლთან არსებული წინა კარი.
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
იკრძალება კონდიციონერის ჩართვაც. კონდიციონერის ჩართვა იკრძალება მარშრუტკებშიც, სადაც ასევე დაუშვებელია მგზავრის ფეხზე დგომაც.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს.
პოლიცია კი მეტროში არ ჩაუშვებს იმ მგზავრს, რომელსაც პირბადე არ ექნება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიცირება – ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კონდიცირების სისტემა ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა ბათუმშიც. საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, მგზავრებს კერძო ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურებიან. პირბადის ტარება სავალდებულოა კერძი კომპანიების კუთვნილ ავტობუსებსა და მარშრუტკებშიც.
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მოკლე მანძილზე ფეხით იარონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუთმონ მათ, ვისაც ის აუცილებლად სჭირდება.
“იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება,” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
8 ივნისიდან მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო სატრანსპორტიც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში 31 მარტს გაჩერდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მარტის ბოლოს მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.