საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 23,9 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, ყველაზე მეტად, თითქმის 534 პროცენტით გაიზარდა კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანიის “ბი ეფ დი სის” (Bitfury Georgia) მიერ მოხმარებული დენის მოცულობა.
____________________________________________________________
● კრიპტოვალუტის ბუმი – ფული “ჰაერიდან” თუ მომავლის ტექნოლოგია?
____________________________________________________________
თუკი შარშან მაისში Bitfury Georgia-მ 6.356 მლნ კვტ-სსთ ელექტროენერგია დახარჯა, წელს მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 40.342 მლნ კვტ-სთ შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის ხარჯი მკვეთრად გაიზარდა.
საერთო ჯამში, 2021 წლის მაისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 23,9%-ით გაიზარდა.
2021 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა აფხაზეთშიც.
ესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს აფხაზეთმა 222.041 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წლის მაისში კი 167.622 მლნ კვტ.სთ.
აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის.
10 კომპანია, რომელთაც 2021 წლის მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარეს:
- “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”
- “ბი ეფ დი სი” (Bitfury Georgia)
- “რუსთავის აზოტი”
- „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია”
- “რუსთავის ფოლადი”
- “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”
- “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”
- “ჯი თი ემ გრუპი”
- “ჯეოსთილი”
- “ჯეომეინთენანსი”
_______________________________________________________________
● აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
● უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
● აფხაზეთი: ელექტროენერგიის და ნდობის დეფიციტი
_______________________________________________________________
აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგმა ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, ამიტომ ხელისუფლებამ ის 2018 წლის დეკემბერში აკრძალა. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო და 2020 წლის სექტემბერში მაინინგის ლეგალიზება მოხდა.
მაგრამ მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლი ვერც ამ გზით მოხერხდა და დეკემბრის დასაწყისში აფხაზეთში მაინინგი კვლავ აიკრძალა და მთავრობა მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გამოყენებით უკვე არალეგალური მოპოვების შეჩერებას ცდილობს.
მაინინგის პოპულარობას აფხაზეთში ხელს უწყობს ელექტროენერგიის პრაქტიკულად სიმბოლური ფასი – 0.4 რუბლი [დაახლოებით 0.5 ცენტი] კილოვატ/საათში. და ასევე ის ფაქტი, რომ თუნდაც ასეთი მცირე საფასურის ამოღება აფხაზეთში უკვე მრავალი წელია პრობლემაა