ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 4 ადამიანის ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. “ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება, რაც საგანგაშოა,” – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პირველწყაროს იდენტიფიცირება რთულია, მიუთითებს იმაზე, რომ “შემსუბუქების პერიოდში საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი, რის გამოც აღარ იცავს რეკომენდაციებს ან ნაკლებად იცავს”.
11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 822 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 690 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, იმ ხუთ კოვიდინფიცირებულ ადამიანს, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ.
covid-19 დაუდასტურდა სადაზღვევო კომპანია “უნისონის” ერთ-ერთ თანამშრომელს. უკვე გამოკვლეულია მისი კონტაქტები სამსახურში, რის საფუძველზეც ხუთ თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა. ვირუსი არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. პრევენციის მიზნით, ოფისში “უნისონის” ოფისში დეზინფექცია ჩატარდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა „თეგეტა მოტორსის“ ერთ თანამშრომელსაც. ინფიცირებული ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალს კონტაქტი ჰქონდა ე.წ. საბურთალოს კლასტერთან. როგორც “თეგეტა მოტორსში” აცხადებენ, ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და კომპანიის მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონია.
“თეგეტა მოტორსში” ამ დრომდე იკვლევენ ინფიცირებულის ახლო კონტაქტებს. თანამშრომელთა ნაწილი კი თვითოზოლაციაშია გადაყვანილი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.