საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და მალე წისქვილები გაჩერდება
საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და მალე წისქვილები გაჩერდება
საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს. სილაგავას თქმით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი – მცურავი ბაჟი მოქმედებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ ხორბლის მარაგები შემცირებულია, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულ გეგმაზე, როგორ აპირებს საკითხის გადაჭრას. ამასთან, სამინისტრო იმედოვნებს, რომ ხორბალი გაიაფდება და მთავრობა ივლისი-აგვისტოს პერიოდში შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს. მათივე განმარტებით, „ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.”
ხოლო ლევან სილაგავას თქმით, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. “ხოლო ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება” – ხორბლის მარაგები ქვეყანას საერთოდ არ აქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენია, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია:
“მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი წინა წელს 24%-ით მაინც გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა.“
● “ვერ ვიქნებით გამონაკლისი” – საქართველოში პურის ფასი გაიზრდება
● საქართველოში პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი ომის ბრალია
● როგორ დაზარალდება სომხეთის ეკონომიკა უკრაინის ომის გამო
“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია” პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. მათი მთავარი წინადადებაა, ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობა გათანაბრდეს. სილაგავას თქმით, “საკითხი პრემიერმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, რადგან სამუშო ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა.”
“ხორბლის შემოტანის შემთხვევაში საქართველოში გამოდის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატო. ქატოს ფასიც სერიოზულადაა გაზრდილი საქართველოში, რაცა ასევე უარყოფითი ეფექტია ფქვილის იმპორტისა. ამას ავცდებოდით და შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებსაც. წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად ყველა გადასახადი – ელექტროენერგიის, წყლის, საშემოსავლო, საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა, დღეს კი, როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შედის იმ ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც მოგვაქვს ფქვილი. ასევე ერთი საკითხია ის, რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები იქნებოდა ქვეყანაში, რაც მეტი უსაფრთხოების მომცემია. ასევე არის თემა, რაც რამდენიმე თვეში დადგება – ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მოდის უახლოეს მომავალში და ამას ვხვდებით წისქვილების გაჩერებით“, – ამბობს სილაგავა.