საქართველოში ინტერნეტით ოჯახების 86 პროცენტია უზრუნველყოფილი
გაზიარება
გაზიარება
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილია ოჯახების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით აღემატება.
მათივე ცნობით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა.
საინტერესოა ისიც, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, საქართველოში ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%).
სოციალური ქსელების შემდეგ, ინტერნეტის გამოყენება ზრდასრულ მომხმარებელში შემდეგნაირად ნაწილდება:
● ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%) ● ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%) ● ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%) ● ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%) ● საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%) ● ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (36.4%) ● პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (17%) ● სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%).
საქსტატის განმარტებით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 63.8 პროცენტი.
შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტის ნაწილით, ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით [შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც]
აღნიშნული მაჩვენებელი საქალაქო დასახლებებში 74.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 49.7 პროცენტს. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად – 79.1 და 74.9 პროცენტი შეადგინა.
გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 2020 წლის ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.
აქვე ნათქვამია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებთან ერთად, მსოფლიოში ინტერნეტთან წვდომა ასევე არ აქვს 15-დან 25 წლამდე ასაკის 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს.
რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში პანდემიამდეც იყო ინტერნეტიზაციის პრობლემა, რაც არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ათასობით ახალგაზრდას სხვა თანატოლებთან.
საქართველოში ასევე მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც სჭირდებოდათ საბაზისო ონლაინ დასაქმების და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა.