საქართველოში ფაიზერს ვადა გაუვიდა. ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება
საქართველოში ფაიზერს ვადა გაუვიდა
საქართველოში ფაიზერის ვაქცინას ვადა გაუვიდა. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება.
“სამინისტრომ შეისყიდა ფაიზერის ახალი დოზები, რომელიც უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მცირე ლოგისტიკური ცვლილების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. არსებული დოზების ჩანაცვლება სრულად მოხდება ახლად მიღებული დოზებით და გადავალთ მთლიანად ახალ ლოგისტიკურ სქემაზე”, – ამბობს თამარ გაბუნია.
22 მარტის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დახარჯულია, დაახლოებით, ფაიზერის 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა, ხოლო სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე ჰქონდა, აუთვისებელი რჩება.
“გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ”, – თქვა მაშინ გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფაიზერის ძველი ნაშთები, რასაც ვადა გასდის, “ნაჩუქარია” და ქვეყანას ფინანსურად არაფერი უზარალია.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ. თუმცა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა 2021 წლის 1-ელ ნოემბერს გაუვიდა და ის ჩამოწერეს.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო, თუმცა ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 43.7 პროცენტი.