საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 65 პროცენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებია
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ მიეწოდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ აქვს.
კვლევის მიხედვით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 65% სასმელ წყალს დამოუკიდებლად მოიპოვებს, რისთვისაც ძირითადად იყენებს მიწისქვეშა წყლებს (ჭები და წყაროები), მაგრამ სპეციალისტების მტკიცებით, მიწისქვეშა წყლის დონე საგრძნობლად დაწეულია და რეკორდულად იზრდება ინდივიდუალურად მიწის გაბურღვის შედეგად წყლის მოპოვების შემთხვევები, რაც მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხეს ორმაგად ზრდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასოფლო ტიპის დასახლებების 95%-ზე მეტს ამ დრომდე არ აქვთ მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა.
როგორც “ბიზნესფორმულას” CENN-ის დირექტორის მოადგილემ, რეზო გეთიაშვილმა უთხრა, ძალიან ბევრი სოფელი “პირდაპირი მნიშვნელობით იტანჯება უწყლობით”, რადგან მათ თვეების განმავლობაში არ მიეწოდებათ წყალი, “ასეთ პირობებში კი შეუძლებელია განვითარდეს სოფელი.”
“მიმდინარეობს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ხშირად ეს წარმატებული არ არის რადგან ბუნებრივი რესურსების დეფიციტიც იქმნება.” – ამბობს გეთიაშვილი.
● “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
● როგორ ეხმარება ევროკავშირის მხარდაჭერით CENN სოფლის განვითარებას: წალკელი ფერმერების შეცვლილი ცხოვრება
● საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელები – თაობა, რომელიც არ დუმს
არსებული კანონმდებლობით, წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, თუმცა მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში წყალმომარაგების კომპანია არ ოპერირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ რეგიონების წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი თანხები ან არ იხარჯება მიზანმიმართულად, ან დახარჯული თანხები მხოლოდ ფურცელზე რჩება.
საქართველოში წლების წინ უნდა ამოქმედებულიყო სპეციალური კოდექსი წყლის შესახებ, თუმცა კოდექსი ამ დრომდე თაროზეა შემოდებული.
კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ წყალმომარაგება ყველა სოფელსა თუ ქალაქში ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, გაეროს განვითარების სტრატეგიაში სპეციალურ პუნქტადაა გაწერილი რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, წყალმომარაგებამ 2024 წლისთვის მთელი საქართველო უნდა მოიცვას.