საქართველოს რეაქცია
საქართველოში, სადაც უახლოეს თვეებში ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მნიშვნელოვან შედეგს ელიან, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განსაკუთრებით აქტუალურია.
JAMnews-მა რამდენიმე საინტერესო და განსხვავებულ მოსაზრებას მოუყარა თავი:
ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსები BREXIT-ზე
გია ნოდია, პოლიტოლოგი: მოკლედვადიან პერსპექტივაში ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ცუდია საქართველოსთვის: ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, იქნება შოკის მდგომარეობაში და სხვებისთვის ნაკლებად ეცლება. საქართველოში, ბრიტანეთისგან განსხვავებით (მაგრამ ზოგი კონტინენტური ერის მსგავსად), ევროსკეპტიკოსი უპირველეს ყოვლისა პრორუსს ნიშნავს, ამიტომ ამ უკანასკნელებს მეტი სალაპარაკო მიეცემათ.
ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოგებულია რუსეთი, რადგან ევროკავშირის დასუსტება ავტომატურად ახარებს რუსეთს (მაგრამ აძლიერებს თუ არა ის მას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ცალკე საკითხია).
უფრო ფართოდ და ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ეს არის მასების დიდი გამარჯვება ელიტების წინააღმდეგ: BREXIT-მა გაიმარჯვა ბრიტანული ელიტების კონსენსუსთან ბრძოლაში. იგივე ტენდენციაა (ელიტების ბროლა ელიტების კონსენსუსის წინააღმდეგ) წამყვან დასავლურ დემოკრატიებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს (მაგ. ტრამპის და სანდერსის ფენომენები მასების აჯანყების გამოხატულებაა). ამიტომაცაა ეს ყველაფერი სახიფათო ევროკავშირის პროექტისთვის, რადგან ეს იმთავითვე ელიტების პროექტი იყო მასების წინააღმდეგ.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი საგრეო საქმეთა მინისტრი: ბრიტანეთი ტოვებს ევროპას! ორ საათში მისმა ეკონომიკამ დაკარგა 350 მილიარდი (ანუ 40 წლის მანძილზე ევროკავშირის გადასახდები რაც დაუჯდებოდა) ფინანსური წაგება სახეზეა.
მაგრამ მთავარი სხვაა: ეგოიზმის, დაუფიქრებლობის, ვიწრო აზროვნების, შიშის და ინტოლერანტობის გამარჯვებაა … იმათი, ვისაც ჰგონია, რომ წარსულში დაბრუნება ან მომავლის გამოწვევებზე თვალის დახუჭვა, ან კიდევ ჩაკეტვით გლობალური საფრთხეებისგან დაცვა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. დღეს ბრიტანეთმა აწმყოს თვალი ვერ გაუსწორა და მომავალზე უარი თქვა. ბრიტანეთი ხელახლა კუნძულად იქცა.
ელენე ხოშტარია, “ერთიანიანი ნაციონალური მოძრაობა” : რა თქმა უნდა, BREXIT გამოიწვევს გარკვეულ რყევებს, რუსეთი ეცდება ეს ყველაფერი ევროპის დასუსტებად მონათლოს, იზეიმებენ ნაციონალისტები, თუმცა:
- ბრიტანეთი ევროკავშირის განვითარების ისტორიაში იყო სპეციფიკური შემთხვევა. იგი მხოლოდ 1973 წელს შეუერთა გაერთიანებას და გარდა ამისა, მთელ რიგ ინტეგრაგიცულ პროცესებში არ მონაწილეობდა (საერთო ვალუტა, შენგენი)
- Brexit არ იყო რადიკალი ნაციონალისტების მიერ მართული “გიჟური” ანტიევროპული პროცესი. აქ მიდიოდა მეინსტრიმ პარტიების და პოლიტიკოსების მსჯელობა ძალიან პრაგმატულ საკითხებზე, თუ რა მხრივ აძლევთ ხელს ევროკავშირი და რა მხრივ – არა (ეკონომიკა, ინვესტიციები, მიგრაცია…)
- ბრიტანეთი BREXIT-ით არ დაუპირისპირდა არც ევროპულ ფასეულობებს, არც რუსეთთან ურთიერთობების შემოტრიალებას (განსხვავებით ნაციონალისტების ლოზუნგებისა საფრანგეთში და ევროპის სხვა სახემლწიფოებში)
- ევროკავშირისთვის ეს იქნება სერიოზული სიგნალი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვის (ზედმეტი ბიუროკრატია, ზედმეტი რეგულაციები)
- BREXIT არის ისტორიული მოვლენა და ცვლილება, რომელიც აჩენს ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის გაჯანსაღების და გაძლიერების ბევრ ახალ შანსს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე: ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგი უკვე სახეზეა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს საკმაოდ ცუდი იქნება ბრიტანეთისთვის. გარანტია იმისა, რომ ბრიტანეთი მიიღებს იმ უპირატესობებს, რისი იმედიც აქვს ევროკავშირის რეგულაციებიდან თავის დაღწევის შედეგად, არ არსებობს.
რაც შეეხება ევროკავშირს, ყველა პრობლემას თავისი შესაძლებლობა მოაქვს ხოლმე და თუ ამ შესაძლებლობას ევროკავშირი გამოიყენებს. დიდი ბრიტანეთის გამოსვლით საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დაკარგა ევროკავშირში. თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირს აქვს შანსი, ეს რეფერენდუმი მიიღოს როგორც სერიოზული სიგნალი რეფორმირებისთვის, თუ ამის ნება ეყოფა. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური გამოსავალი. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე, რა თქმა უნდა, უფრო დასუსტებული იქნება. მასში ცენტრიდანული ძალები მიიღებენ ახალ იმპულსს. უკვე ისმის სხვადასხვა ქვეყნიდან ევროსკეპტიკოსი ძალების ხმები მსგავსი რეფერენდუმების შესახებ. ერთადერთი, ვინც ნამდვილად მოგებული დარჩება, თუ რაიმე პოზიტიური ცვლილებები არ მოხდა, იქნება რუსეთი. რუსეთისთვის დასუსტებული ევროკავშირის და დასუსტებული ბრიტანეთი ნამდვილად მისასალმებელია.
“სხვა ეპოქაში გავიღვიძეთ” – წერენ დილიდან ქართველი ფეისბუკ მომხმარებლები. ჰაშთეგი #brexit მოულოდნელად პოპულარული აღმოჩნდა ქართულ სოციალურ ქსელებში.
ტრენდი 1: “იქნებ ევროპა გონს მოეგოს”
“ყინულიანი შხაპი მერკელს და ევროჩინოვნიკებს – გაქსუებულ ბიუროკრატებს, რომლებმაც გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს ევროკავშირის იდეას, ვიდრე ამ სტრუქტურის ღია და დაუძინებელმა მტრებმა.”
“ამ პოლიტიკითა და ბიუროკრატიით ევროკავშირს მაინც არ ჰქონდა პერსპექტივა, იმედია, გონს მოეგებიან და რამეს შეცვლიან.”
“პოზიტიურად შევხედოთ – ეგებ ევროკავშირში კიტრის ზომის რეგულირება გადაავიწყდეთ ცოტა ხნით.”
“ჩვენ რომ შევალთ, მაგ დროისთვის ალბათ მხოლოდ მოლდოვა და უკრაინა დაგვხვდება ევროკავშირში და უვიზოდ ვივლით ერთმანეთთან.”
“ევროკავშირი ნიშნავს ბიუროკრატიას”.
“ბრიტანელები საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლები არიან მსოფლიოში. შესაბამისად, ისინი ვერ შეუთავსდნენ ბიუროკრატიულ, ევროპულ სოციალისტურ სისტემას.”
“გონს მოეგე, ევროპა! ასეთი პოლიტიკით ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას რუსეთის ხახაში ჩააგდებს, თურქეთს კი, ისლამისტურ ქვეყნად გადააქცევს.”
ტრენდი 2: “გაიზრდება ევროსკეპტიკოსთა რიცხვი და ამით იხეირებს რუსეთი”
“ევროკავშირში საქართელოსთანა ქვეყნების დარდი აწი კაი ხანს აღარ ექნებათ. წლები დასჭირდებათ შოკიდან გამოსასვლელად.”
“ახლა დაიწყება – ეს არის თქვენი ევროკავშირი? ბრიტანეთსაც კი არ სჭირდება…”
“რუსეთი თავს მოგებულად გრძნობს და ეს მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ძალიან საშიშია.”
“რუსული მედია ჩვეულ სტილში ღიად და დაუფარავად ოცნებობს იმაზე, რომ ბრიტანელები ევროკავშირიდან გავიდნენ. უამრავი მიზეზია, ცხადია… და ბრიტანელების პრობლემები რომ დიდად არ აღელვებთ, ეგეც ხომ ვიცით. უბრალოდ, “მტერი უნდა დაიშალოს, რათა მერე ადვილად დაიპყრო” – ყოველთვის იყო და არის ამ მედიის (და ცხადია, ამ ქვეყნის ხელისუფალთა) სანუკვარი ოცნება.”
გამოქვეყნებულია: 24.06.2016