საქართველოს პრეზიდენტმა 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
უკვე ცნობილია, რომ სესიაში მმართველი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, “ოპოზიციას უნდა მასკარადი და შოუ.”
სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან.
რიგგარეშე სხდომის მოწვევა პრეზიდენტმა ასე განმარტა:
● ჯერ ერთი, მინდა ისიც ნათელი იყოს, რომ არცერთი ბულინგისა და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს და მე მგონი, რომ ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის.
● ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში თუ 7 თვეში – ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა.
● მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია. გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტებიც და კომისიებიც გამართლებულია. მე მოვუწოდებ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია დროულად მივიღოთ.
● ყველა ის საკითხი და პირველ რიგში დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად ყოფნით, დიალოგითა და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ.
“ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ. არავის აქვს უფლება, რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს.” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 13 ივლისს მიმართა. ოპოზიციონერებმა “ქართულ ოცნებასაც” მიმართეს და მოუწოდეს, უარი არ თქვან სხდომაში მონაწილეობაზე.
მათი თქმით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
“ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება.” – ვკითხულობთ მიმართვაში.