საქართველოს მთავრობას პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე ამტკიცებს. "მონებო" სკანდირებენ აქტივისტები
დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და “მონებო!”-ს სკანდირებენ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენენ. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგა და ახლა, ახლადარჩეულმა პარლამენტმა ახალ მთავრობას უნდა გამოუცხადოს ნდობა.
მთავრობის შემადგენლობა უცვლელია. ქვეყანას პრემიერიც იგივე ეყოლება – გიორგი გახარია.
__________________________________________
● “ქართული ოცნების” ახალ მინისტრთა კაბინეტში ყველა ძველი სახეა. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი
● პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ხელისუფლებამ უკან დაიხია?
__________________________________________
პარლამენტს, რომელშიც მხოლოდ მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან შედგება, არ ექნება არანაირი დაბრკოლება, რომ ნდობა გამოუცხადოს გახარიას და მის გუნდს.
პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს გახარიას, რამდენად კომფორტულად გრძნობდა იგი თავს, როცა პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა.
“რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის”,- უპასუხა მათ გახარიამ.
„ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე და არ შედის გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ან პარლამენტს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდად იყოს და რომ ჩვენ მათ ყოველ მოქმედებას, სიტყვას თუ საქმეს ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არ გავატარებთ,” – ამბობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
______________________________
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს შუამავლობას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა.
სწორედ ამის გამო, მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომები საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.