საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა.
კანონი ითვალისწინებს იმ პატიმრების გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს დანაშაული.
სარჯველაძის თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ეხება მხოლოდ 44 მუხლს.
ამნისტიას დაექვემდებარება შემდეგი დანაშაულები:
● ქურდობა
● ფალსიფიკაცია
● ქონების დაზიანება
● სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები
● ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა)
__________________________
- საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
- რა იყო მთავარი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში. ვიდეო
___________________________
ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც უვადოდ იხდიან სასჯელს.
სარჯველაძის განმარტებით, ასეთი პატიმარი საქართველოში სულ სამია და მათ სასჯელის ზომა გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით.
ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ასევე არ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს – “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას [ე.წ. კარტოგრაფების საქმე].
_______________________________
● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური. არასამთავრობოების პოზიცია
● გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
_______________________________
კამათი “ოჯახური ძალადობის შესახებ” მუხლზე
კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მუხლმა ოჯახური ძალადობის შესახებ.
დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, ის მოძალადეების გათავისუფლებასაც ითხოვდა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონს განიხილავდნენ, დიმიტრი ხუნდაძემ ისიც თქვა, რომ მოძალადეები მათი ოჯახების ეკონომიკური პრობლემების გამოც უნდა გათავისუფლდნენ.
“პირველ რიგში აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, როცა მსხვერპლი მოძალადისგან ვერ მიდის, ვინაიდან მასზე ფინანსურად არის დამოკიდებული, ეს დამატებით ეკონომიკური ძალადობაცაა.
თანაპარტიელის ამ განცხადებებს თეა წულუკიანი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი კობახიძე გამოეხმაურნენ, მათი თქმით, ოჯახური ძალადობა მძიმე დანაშაულია და ამნისტია მოძალადეებს არ უნდა შეეხოს.
ხუნდაძის ინიციატივას ასევე უპასუხა ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ, მან ინიციატივას მავნებლური უწოდა.
საბოლოოდ, პარლამენტმა ხუნდაძის ინიციატივა არ გაითვალისწინა და კანონპროექტი 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პირველივე მოსმენაზე დაამტკიცა.