საქართველომ რუსულ ენერგოკომპანიაИнтер РАО-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო და ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის კომპანიისთვის $75 926 000-ის გადახდა დაეკისრა.
საქმე ეხება 2012 წელს ჩაშლილ ხელშეკრულებას კომპანია “რაო თელასთან”. მაშინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დედაქალაქის დღევანდელი მერი, კახა კალაძე იყო. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ 15 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო, კომპანია გააკეთებდა საქართველოში 190 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ააშენებდა სამ ჰიდროელექტრო სადგურს.
2014 წელს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფით გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებაში არ იყო საუბარი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებზე, რაც ნახსენები იყო 2013 წლის ხელშეკრულებაში.
2016 წელს, სასამართლოში ჩივილამდე, კომპანიამ საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, რაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.
“ეს ხელშეკრულება მოიშალა ერთი მიზეზის გამო, ქართულ ოცნებას თავისი პოპულისტური დაპირება შეესრულებინა ნაწილობრივ და გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის ტარიფი მაშინ დაწიეს და ეს ხელშეკრულება ამისთვის მოშალეს. სამაგიეროდ ამ ტარიფმა იმ წლის ბოლოსვე ისევ იმატა და მას შემდეგ შეუქცევლად ძვირდება. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელები დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზარალებენ და პლუს საქართველოში არ განხორციელდა 600 მილიონი ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.”– ამბობს პარტია “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი.
მისვე განმარტებით, საინტერესოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს რატომ გავიდა საქართველოს მთავრობა სრულად კომპანია “თელასის” წილიდან, რატომ გაასხვისა ეს წილი და რატომ არ დაიტოვა “არავითარი ბერკეტი ამ კომპანიის მართვის კონტროლისა.”
“დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მთავრობისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, ამ ფაქტის შეფასებას და ახსნა-განმარტებას ამ საკითხზე.”– აცხადებს “ლელო საქართველოსთვის.”
2021 წელს საქართველომ ამავე კომპანიებთან დაკავშირებული დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქამდე იუწყებოდა, რუსული კომპანია 200 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა 2021 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას 80.5 მილიონის გადახდა დაეკისრა.
რუსულმა კომპანიამ საკომპენსაციო თანხის რაოდენობა გაასაჩივრა და 112 მილიონ დოლარამდე გაზარდა.