საქართველოში ტესტირების სამიზნე ჯგუფს ავტობუსების მძღოლებიც დაემატებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი პროტოკოლით PCR-ტესტირების არეალი ფართოვდება და სამიზნე ჯგუფს საქალაქო ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მარშრუტკებში დასაქმებული მძღოლები და კონდუქტორები დაემატებიან. გაიზრდება დღიურად ჩატარებული PCR-ტესტირების რაოდენობა, კოვიდის მიმღები ცენტრების სამედიცინო პერსონალი კი, რომელიც კორონავირუსზე აქამდე მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ მოწმდებოდა, შემოწმებას ყოველკვირეულად გაივლის.
15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 704 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
“დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად მზადყოფნა უნდა იყოს ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იყოს გამოვლენილი ყველა ინფიცირებული,” – ამბობს გამყრელიძე.
აქამდე ტესტირების სამიზნე ჯგუფში მხოლოდ სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი, შშმ პირთა ცენტრების პერსონალი და ბენეფიციარები და საქართველოში შემოსული ტრაილერის მძღოლები შედიოდნენ.
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
- პლასტელინის ადამიანები კარანტინიდან გამოდიან
„ვინაიდან საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, სამიზნე ჯგუფს ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ახალი პროტოკოლის თანახმად, კოვიდის და ცხელების ცენტრების სამედიცინო პერსონალი და სასწრაფოს ექიმები კორონავირუსზე შემოწმებას კვირაში ერთხელ გაივლიან, სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები კი ორ კვირაში ერთხელ.
1 ივლისიდან ტესტირების გაფართოების მეორე ეტაპი დაიწყება, ხოლო 15 ივლისიდან – მესამე ეტაპი.
მესამე ეტაპზე PCR-ტესტირების სამიზნე ჯგუფს დაემატებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ოპერატორები და იუსტიციის სახლების პერსონალი – ისინი, ვისაც მოსახლეობასთან ხშირი ურთიერთობა უწევს.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ტესტირებაში, რომელსაც აქამდე მხოლოდ 12 ლაბორატორია აკეთებდა, საქართველოს მასშტაბით კიდევ 25 პოლიკლინიკა ჩაერთვება.
ამჟამად საქართველოში დღეში 1500-მდე PCR-ტესტი კეთდება, ივლისის ბოლოს კი ყოველდღიურად PCR-ტესტი 3500-მდე ადამიანს გაუკეთდება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.