საქართველო PACE-ს ტოვებს. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის"
საქართველო PACE-ს ტოვებს
29 იანვრის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის დრამატულად წარიმართა.
ამ ევროსტრუქტურამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო მკაცრი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასევე, აღიარებულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლებასაც რეზოლუცია ითხოვს.
ასევე, PACE-ში მუშაობის მხრივ კონკრეტული სანქციები დაუწესდა “ქართული ოცნების” დელეგაციას – მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეეზღუდათ 2025 წლის აპრილამდე – „გამოსაცდელი ვადით“.
საპარლამენტო ასამბლეაზე, კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ წარდგენილი შესწორებები ჩავარდა. რეზოლუციას კი, 114 ხმა ერგო, წინააღმდეგ კი მხოლოდ 13-ი იყო.
ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად წყვეტენ მუშაობას PACE-ში. სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ “საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა იმსჯელეს” და გუნდის შიგნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “დღეიდან ქართული ოცნება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს”.
მიუხედავად “ქართული ოცნების” მხრიდან მსგავსი რეაქციისა, ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 29 იანვარი დიდი ჩავარდნა იყო “ქართული ოცნებისთვის”, რომლის პოლიტიკურ შედეგებსაც ეს გუნდი მალე იგრძნობს.
____________
“ეს არის კატასტროფა, რომელიც დაემართა “ქართულ ოცნებას”, – ასე აფასებს ეთერში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მმართველი პარტიის მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტას.
კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის რეჟიმს სხვა გზა არ დაუტოვა, რის გამოც მმართველი პარტია იძულებული გახდა, უარი ეთქვათ PACE-ში თანამშრომლობაზე.
“დღეს ეს არის ის კატასტროფა, რომელიც დაემართა ”ქართულ ოცნებას”. მათ სჭირდებოდათ თავისი ამომრჩევლებისთვის ჩვენება, რომ ეს არაფერია და არანაირ ვალდებულებს ჩვენ არ ვცნობთ და ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაშანტაჟებს. გააგრძელებინათ ის რიტორიკა, რასაც ის იყენებს ევროკავშირთან მიმართებაში. ზუსტად იგივე გადაწყვეტილება იყო, როგორიც 2028 წლისთვის გადავდებთო მოლაპარაკებების საკითხს. ეს ნიშნავდა, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნებაო, იმიტომ რომ ჩვენ აქ მუშაობას ვწყვეტთ და არ შევასრულებთ მათ მოთხოვნას, მათი წევრობა არ გვჭირდება…“
გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სულ უფრო გაუჭირდება საკუთარ პროპაგანდაში მოსახლეობის დარწმუნება:
“მხოლოდ ზომბირებულმა ადამიანებმა შეიძლება მიიღონ მათი განცხადება, როგორც ინფორმაცია. ცხადია, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ან უნდა შეესრულებინათ ევროსაბჭოს პირობები, სამ თვეში ჩაატარებინათ ახალი არჩევნები და დაეკარგათ ძალაუფლება ან უნდა წასულიყვნენ. მიიღეს ეს გადაწყვეტილება – ჩვენ აღარ ვეთამაშებით PACE-სო, თითქოს PACE თამაშობს.”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაწიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გათვლა, რომ “თან საკუთარი ერთპიროვნული და შეუზღუდავი ძალაუფლება შეენარჩუნებინა და რუსული ყაიდით ემართა ქვეყანა და თან ევროკავშირის სტრუქტურებში (სიმბოლურად) დარჩენილიყო”, თუმცა ეს არ გამოუვიდა:
დღეს ეს არის ის კატასტროფა, რომელიც დაემართა ”ქართულ ოცნებას”. მათ სჭირდებოდათ თავისი ამომრჩევლებისთვის ჩვენება, რომ ეს არაფერია და არანაირ ვალდებულებს ჩვენ არ ვცნობთ და ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაშანტაჟებს. გააგრძელებინათ ის რიტორიკა, რასაც ის იყენებს ევროკავშირთან მიმართებაში. ზუსტად იგივე გადაწყვეტილება იყო, როგორიც 2028 წლისთვის გადავდევთო მოლაპარაკებების საკითხს. ნიშნავდა, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნებაო, იმიტომ რომ ჩვენ აქ მუშაობას ვწყვეტთ და არ შევასრულებთ მათ მოთხოვნას, მათი წევრობა არ გვჭირდება…
“გვიან, მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილის წინაშე მკაცრად დაეყენებინა ალტერნატივა: ან დემოკრატია და ევროპა-ამერიკის პროტექტორატის და თანამშრომლობის სივრცეში დარჩენა, ან ამ სივრციდან ფეხის ამოკვეთა. ივანიშვილმა, პრინციპში იძულებით, დასავლური სივრციდან ფეხის ამოკვეთის გზა აირჩია,” – აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, ამ რეალობიდან გამომდინარე, დღეს არაფორმალური მმართველის წინაში სხვა დიდი ამოცანა დგას, რომელსაც ის, სავარაუდოდ, რთულად დაძლევს:
“ივანიშვილს მოუწევს 35 წლის (თუ საუკუნეების არა) მანძილზე ნაშენები ევროპული იდენტობის გადაწყობა და საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ დასავლეთი ბოროტებაა. ეს ურთულესი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს წინაშე არასოდეს დამდგარა, თუ საბჭოთა საქართველოს გარკვეულ პერიოდს გამოვრიცხავთ” .
ექსპერტის აზრით, ივანიშვილი რამდენიმე გზით ცდილობს საქართველოს ევროპულ და ანტიევროპულ პერსპექტივებს შორის მის მიერ გაჩენილი ნაპრალის ამოვსებას: ცდილობს:
ა) „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ მეტწილად კონსპირაციული ქსელის საერთაშორისო ბრუტალობის წარმოჩენით;
ბ) რუსეთთან გარდაუვალი ომის საფრთხით;
გ)„გარყვნილი დასავლეთის“ იდეის კულტივირებით (ევროპა „გვაპიდარასტებს“, იქ სქესებს შორის საზღვარი წაშლილია და სხვ.);
დ) ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აშენებით და ჩინეთის, როგორც მსოფლიო ჰეგემონის, იდეალიზებით;
ე) აღმოსავლური (არაბული) არნახული ინვესტიციებით და ა.შ.
“თუ კარგად დავაკვირდებით, ნაპრალის ამოვსების თითოეული ეს სტრატეგია თიხის ფეხებზე დგას და თითქმის არცერთ მათგანს არ გააჩნია რეალური, არამედ მხოლოდ პროპაგანდისტული, შინაარსი”.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ერთადერთი რამ, რასაც (ჯერჯერობით მაინც) ბიძინა ივანიშვილი ღიად არ მიმართავს ზემოაღნიშნული ნაპრალის ამოსავსებად, არის გზავნილი იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია და მასთან ჩახუტება გადაგვარჩენს.
“რუსეთთან დამეგობრების იდეა ის წითელზე წითელი ხაზია, რომელსაც აღვირახსნილი პროპაგანდაც კი ვერ ეგუება (კვლევებიც აჩვენებს, რომ რუსულ „ჰიბრიდული ომს“ საქართველოში ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია)”.
“რასაც “ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლები აკეთებენ, ეს არის სირცხვილი, ლაქა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში” – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მმართველი პარტიის მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტას.
ქადაგიძის თქმით, ევროსაბჭოში 29 იანვარს მიღებული მწვავე რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დამსახურება.
“(რეზოლუცია) ეს არის იმ უწყვეტი პროტესტი დამსახურება. ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც ბოლომდე იბრძვის და არ აპირებს დანებებას. ეს არის მარწუხების კიდევ უფრო შეკუმშვა, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ყველანი თუ კი ვინმეს გადარჩენას საღი აზრიო ”ქართულ ოცნებაში”. უაღრესად კორუმპირებულ უტიფარ რეჟიმთან გვაქვს საქმე”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს
რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს – მოსალოდნელი პროცესების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
-
რა არის PACE და რატომ არის ამ ორგანიზაციის წევრობა მნიშვნელოვანი. (ჩამოშალეთ)
რა არის PACE?
PACE (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – Parliamentary Assembly of the Council of Europe) არის ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც აერთიანებს 46 წევრი ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებს. ორგანიზაცია შეიქმნა 1949 წელს და მისი მიზანია დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა ევროპაში.
PACE შედგება წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების დელეგაციებისგან. თითოეული ქვეყნის წარმომადგენლების რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობის ზომაზე. ასამბლეა რეგულარულად ატარებს სესიებს, სადაც განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული სტანდარტები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობების უფლებები და სხვა.
რა სარგებელი მოაქვს PACE-ში წევრობას?
PACE-ში წევრობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთგულების მანიშნებელია. ეს უზრუნველყოფს დიალოგის პლატფორმას, მოქალაქეების უფლებების დაცვას და საერთაშორისო ნდობის გაძლიერებას. ორგანიზაციიდან გამორიცხვა კი, პირიქით, საერთაშორისო იზოლაციისა და სახელმწიფოს ქმედებების დაგმობის სიგნალია.
პოლიტიკური გავლენა და თანამშრომლობა: PACE-ში წევრობა საშუალებას აძლევს ქვეყანას მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის სფეროში ევროპული სტანდარტების შემუშავებასა და განხილვაში. ეს აძლიერებს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან და ზრდის ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო არენაზე.
PACE იძლევა შესაძლებლობას, ქვეყნის წარმომადგენლებმა წარადგინონ საკუთარი ინტერესები, დაიცვან საკუთარი პოლიტიკური და კულტურული ხედვა და გაიტანონ კონკრეტული ინიციატივები. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში PACE-ის ტრიბუნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ოკუპაციის საკითხების გასაჟღერებლად მნიშვნელოვანი ტრიბუნაა.
PACE-ში აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრობა ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს ამყარებს და აძლიერებს საერთაშორისო ნდობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პარტნიორებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც დემოკრატიულ და სტაბილურ გარემოში ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას.
მონიტორინგი და კონტროლი: ყოველი წევრი ქვეყანა რეგულარული მონიტორინგის პროცესს გადის, რათა უზრუნველყოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც წევრობისას აიღო. ეს ეხმარება ქვეყანას საკუთარი კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესებაში.
წვდომა სამართლებრივ მექანიზმებზე: PACE-ში წევრობა არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური პრესტიჟია, არამედ კონკრეტულ სამართლებრივ სარგებელსაც გულისხმობს. ევროპის საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს და დაიცვას ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია (European Convention on Human Rights). ეს კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. PACE-ში წევრობა მოიცავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების აღიარებას, რაც მოქალაქეების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ეროვნული სასამართლო სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. PACE-ის წევრ ქვეყნებში სასამართლო სისტემები უფრო მეტად ექვემდებარებიან რეფორმებს და ერგებიან საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან იციან, რომ მათი სასამართლო სისტემების შედეგები შეიძლება შემოწმდეს ECHR-ის მიერ.
ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა: ევროპის საბჭო ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში საერთო სტანდარტების ჩამოყალიბებას, რაც წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ამარტივებს.
ქვეყნების გამორიცხვის მაგალითები PACE-დან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ქვეყნებს პირდაპირ არ აძევებენ, თუმცა მათი წევრობის შეჩერება ან უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია, თუ ქვეყანა უხეშად არღვევს ევროპის საბჭოს პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა.
რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად გარიცხეს ევროპის საბჭოდან, მათ შორის PACE-დან. პირველად – 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, PACE-მ რუსეთს შეუზღუდა ხმის მიცემის და რამდენიმე ფუნქციის შესრულების უფლება.
მეორედ: 2022 წელს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპის საბჭომ სრული კონსენსუსით მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის გარიცხვის შესახებ. შედეგად, რუსეთი PACE-ის წევრობიდანაც ამოირიცხა.
ევროპის საბჭოსა და PACE-ის წევრი არ არის არც ბელარუსი, რადგან ქვეყანაში მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, არ ტარდება დემოკრატიული არჩევნები და არ მოქმედებს სიკვდილით დასჯის მორატორიუმი.
მისი თქმით, „ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.
ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:
“ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო“.
ფირცხალაიშვილის თქმით, “საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო – დავკარგავთ უფლებას, საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“.
ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკურ იზოლაციაში, რადგან:
ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.
გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმის ოფიციალურ აღიარებას.
ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასკნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.
ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:
ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.
გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვლება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.
საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:
ევროსაბჭო, ჯერჯერობით, მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა.
თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და რუსეთის მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს”. – წერს ანა ფირცხალაიშვილი.