"თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ" - 51 დეპუტატი
საქართველო ევროსაბჭოში
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს დელეგაციამ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და ახლა PACE-ის განცხადება მოწმობს, რომ “აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი ბიუროკრატები”
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.
„ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები.
„წევრ სახელმწიფოებში ავტორიტარიზმისკენ უკუქცევის უგულებელყოფა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძვლებს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.
კომენტარი

სალომე სამადაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი: „ევროსაბჭო ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ჩვენ გავწევრიანდით მრავალი წლის წინ. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო საქართველოს გზის გაკვალვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროპული სივრცისკენ.
დღეს, ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, ეს ცხადყო მათ შორის, იმან, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის, პირიქით, ყველა ნაბიჯი საწინააღმდეგოდ არის გადადგმული.
ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს. საბედნიეროდ, ეს არ იქნება მარტივი პროცედურა, ამაზე მსჯელობას დასჭირდება დიდი დრო. ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი.“
წინაისტორია
მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ.
ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად წყვეტენ მუშაობას PACE-ში. სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ “საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა იმსჯელეს” და გუნდის შიგნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “დღეიდან” ქართული ოცნება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.