საქართველო: დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება და აცრილი პენსიონერები 200-ლარიან დანამატს მიიღებენ
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას. ასევე, პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. პრემიერის თქმით, პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვა მოხსნილიყო. სწორედ ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება ყველა იმ პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
რას ითვალისწინებს მწვანე სტატუსი
პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, ესენია:
- კვების ობიექტები;
- გასართობი ცენტრები;
- კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
- სამორინეები;
- სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
- საკონცერტო დარბაზები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების – საბაგირო გზები;
- ბარების ღია და დახურული სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე. ასევე, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის.
მწვანე პასპორტების შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასურსათო მაღაზიებს და სხვა საბაზისო სერვისებს არ შეეხება.
200-ლარიანი დანამატი ვაქცინირებული პენსიონერებისთვის
დღეიდან 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
“ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება”
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
“რომ არ იყოს რამე სპეკულაცია და დეზინფორმაცია, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად გამოსავალი პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომელიც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
● მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
● საქართველოში “ასტრაზენეკას” 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● საქართველოში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ.
რამდენიმე დღის წინ გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის უნდა ჩამოწერონ.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა.
თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
8 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 049 193 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %; სრულად ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.4% გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანობაში აიცრა 1 204 ადამიანი.
8 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 ადამიანი.