საქართველო შეუერთდა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას
გაზიარება
გაზიარება
საქართველო და უკრაინა
საქართველო შეუერთდა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს წევრებმა იპოვონ გზები დასაახლოებლად.
“როგორც იცით, როგორც ევროპის საბჭოს წევრები, რეგულარულ კონტაქტში ვართ და მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზები ღირებულებებისა და ვალდებულებების კვლავ დასაახლოებლად. იმ ფუნდამენტურ ელემენტებზე, რომლებიც გვაქცევს ერთ კონტინენტად, ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას მიადგა უსამართლო ომის შედეგად.
მისი თქმით, ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. მისივე განმარტებიტ, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.
“საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილიც საჩივრების საერთაშორისო კომისია გახდება.“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მძიმე გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშნველოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა და რამდენად მაღალი ფასის გადახდა უწევს საზოგადოებას უსამართლობის შედეგად.