FT: სანქციები და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს
გაზიარება
გაზიარება
სანქციები და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება
რუსული კანონის მიღების გამო, ევროპული დედაქალაქები “საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ უგულებელყო რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები და აგრძელებს მუშაობას საკამათო კანონთან დაკავშირებით, რომელიც “მსგავსია რუსეთში მოქმედი კანონისა”.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში “უცხოური აგენტების” კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება. ეს კი ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსული ორბიტისკენ.
“სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა.“ – წერს FT.
ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს ამ კანონის გაუქმება არსებული ფორმით.
კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ კანონს, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ობიექტურად მივყავართ სტიგმატიზაციის, გაჩუმების და საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურებისკენ, რომლებიც იღებენ თუნდაც დაფინანსების მცირე ნაწილს უცხოეთიდან.
“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში ადანაშაულებს.