მოსაზრება: ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა, რომელიც ერთმა კაცმა გაიფორმა
სანდრო ბარამიძის მოსაზრება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელის, სანდრო ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა, “რომელიც ერთმა კაცმა” გაიფორმა და მას კრიტიკული აზრის მოსმენაც კი არ უნდა.
ბარამიძე ბოლო პერიოდში კორუფციულ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ გააქტიურებას შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედება კორუფციასთან ბრძოლა არ არის, რადგან, მისივე შეფასებით, გამოვლენილია ერთეული შემთხვევები, კორუფცია კი ბევრად უფრო მასშტაბურია.
“საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ფაქტების გამოვლენის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა. ბრიფინგზე მათ წარადგინეს ის კორუფციული სქემები, რასაც იყენებდნენ მაღალჩინოსნები გამდიდრებისთვის.
ორგანიზაციის განმარტებით, დაფიქსირებულია ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი.

სანდრო ბარამიძე: “ქართულმა ოცნებამ“ ახლა უბრალოდ ჩამოიშორა კონკურენტები, ყოველ შემთხვევაში, სამის ჩამოშორებას ლამობს და ამას ემსახურება, პირველ რიგში, ეს ნაბიჯი (საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ).
გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, რომელიც ერთმა კაცმა გაიფორმა და მას უბრალოდ კრიტიკული აზრის მოსმენაც კი არ უნდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არც პარლამენტში უნდა იხილოს ვინმე. გასაგებია, რომ გახარიას პარტია შეუშვეს, რაღაც მოლაპარაკებასა და გარიგებას ჰქონდა, ალბათ, ადგილი, არ ვიცი, ეს მათი საქმეა, მაგრამ გახარიას პარტიის რეიტინგი აგერ ნახეთ, როგორი იყო მუნიციპალურ არჩევნებში. ამ რაოდენობის ხმებით ის საპარლამენტო არჩევნებში, მორიგი იქნება ის, თუ რიგგარეშე, ბარიერს ვერ გადალახავს.
ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბები ისეთია “ქართული ოცნების“ პირობებში, რომ მას აქვს სისტემური და საყოველთაო ხასიათი.
დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვები გამოაქვეყნა. 250 მაღალი ეშელონების კორუფციული შემთხვევა არის გამოვლენილი, სადაც მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრების, მათი მოადგილეების, მოსამართლეების, პარლამენტის წევრების, მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელების 221 შემთხვევა არის გამოვლენილი. 10 წლის განმავლობაში ხუთ მილიარდამდე ოდენობის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არსებობს კორუფციის მაღალი ეჭვი.
ამ მასშტაბების თაობაზე ვინმე საერთოდ ლაპარაკობს ხელისუფლებაში? ისინი საერთოდ აქამდეც ლაპარაკობდნენ, რომ არავითარი კორუფცია არ არის და ყველაფერი კარგად არისო. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი კუპრაშვილი სამი თვის წინ ამბობდა, შევისწავლე ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და სხვების დეკლარაციები და ვერაფერი ვერ გამოვავლინეო. ახლა ხომ აღმოჩნდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები ყოფილა თურმე? ესენი ერთეული შემთხვევებია და ჩვენ 250 შემთხვევაზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არ არის ცალკეული ჩინოვნიკების საკითხი, მთელი სისტემა ასე დგას.
იქ, სადაც არსებობს პოლიტიკური კორუფცია, იქ, სადაც ერთ კაცს აქვს მითვისებული სახელმწიფო ინსტიტუტები და თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ნიშნავს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შესაბამის პირებს, იქ არ შეიძლება არ არსებობდეს ფინანსური და ეკონომიკური ტიპის კორუფცია.“
 
   
   
   
   
   
   
   
   
   
  